ლევან დავითაშვილი -  ხარისხის ნიშანი პროდუქტს მეტ დაცულობას ანიჭებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთაწმინდის პარკში, ჩაისა და თაფლის ფესტივალის ფარგლებში, ხარისხის ნიშანთან დაკავშირებული ახალი რეგულაციის პრეზენტაცია წარადგინეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ახალი რეგულაცია - „ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების წესი“ შემუშავდა. სამინისტროს განმარტებით, რეგულაცია კიდევ ერთი მხარდაჭერაა სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც ქართული პროდუქციის ხარისხის გაზრდას, მის პოპულარიზაციასა და დაცვას ემსახურება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხარისხის ნიშანთან დაკავშირებული რეგულაციის პრეზენტაცია ჩაისა და თაფლის ფესტივალს სიმბოლურად დაამთხვიეს.

„ტრადიციული კულტურის, ჩაისა და თაფლის ფესტივალს სიმბოლურად დავამთხვიეთ ხარისხის ნიშანთან დაკავშირებული რეგულაციის პრეზენტაცია. ქართული ჩაი თავისი ხარისხითა და საგემოვნო თვისებებით გამორჩეული იყო და დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში ჩვენ შევძლებთ ხარისხიანი ქართული ჩაი მსოფლიო ბაზარს შევთავაზოთ. ქართული თაფლი კი, ის პირველი ცხოველური პროდუქტია, რომლისთვისაც ევროკავშირის ბაზარი ღიაა და რომელიც საკუთარი ნიშას მალე დაიკავებს. რაც შეეხება ახალ რეგულაციას, ხარისხის ნიშანი პროდუქტს მეტ დაცულობას ანიჭებს. ასევე ხარისხის ნიშნის მინიჭება და მისი დაცვა უზრუნველყოფს დამატებითი ღირებულების შექმნას, აღნიშნულ პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდას, ხელს უწყობს აგროტურიზმის განვითარებას, სოფლის გაძლიერებას, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას, სანდოობის და ექსპორტის ზრდას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, „ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების წესი“ ითვალისწინებს საქართველოში სურსათთან დაკავშირებული ხარისხის სქემების განვითარების, პროდუქტის ბრენდირების, მარკეტინგის საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის, მათი დაცვის სამართლებრივ/ინსტიტუციონალური მექანიზმების სრულყოფის და ხარისხის ნიშნის მიხედვით ნიშანდებული სურსათის პოპულარიზაციის უზრუნველყოფის საკითხებს.

უწყების ცნობითვე, ხარისხის ნიშნის შემქმნელი მარკეტინგული საბჭოს მიერ, რომელსაც სამინისტროს ცენტრალური აპარატის და უწყებაში შემავალი სამსახურების წამყვანი სპეციალისტები და საქპატენტის ექსპერტები წარმოადგენდნენ, უკვე განსაზღვრულია თერთმეტი კლასიფიკაციის ხარისხი და ხარისხის აღმნიშვნელი ნიშანი (საჭიროების შემთხვევაში, ახალი ნიშნები შეიქმნება), ესენია: „დაცული გეოგრაფიული აღნიშვნა“, „დაცული ადგილწარმოშობის დასახელება“, „ტრადიციული პროდუქტი“, „ქართული ხარისხი“, „ბალახით ნაკვები“, „ხელით დამზადებული“, „მთის პროდუქტი“, „ტყეში ნასუქი“, „პირდაპირი დაწურვის წვენი“, „ბიოპროდუქტი“, „ბიოწარმოებაზე გარდამავალი“.

სასურსათო პროდუქტზე ხარისხის ნიშნის მინიჭება ნებაყოფლობითი პროცედურაა და მინიჭება საქართველოს კანონმდებლობით და აღნიშნული წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად ხორციელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ხარისხის ნიშნის გამოყენების უფლების მინიჭების შემდეგ საწარმო და თვით პროდუქცია ექვემდებარება მუდმივ კონტროლს მონიტორინგის გეგმის შესაბამისად და რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს