მამუკა ბახტაძე - დღეს შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა

დარწმუნებული ვარ, ერთსულოვნებითა და ერთად დგომით, გაუტეხავი ქართული სულითა და ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერით, აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ერთიანი, ძლიერი და მშვიდობიანი საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის დღეების ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრემიერ-მინისტრის პრესსასმსახურიდან აცნობეს, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპა ქართველი ერის ცივილიზაციური არჩევანია და საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი უნდა გახდეს.

“ჩვენს ერს აქვს თავისი წვლილი შეტანილი იმ ფასეულობების ფორმირებაში, რომელსაც ევროპული იდეა ეფუძნება. სწორედ ამიტომ, საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს ამის თქმის უფლება, რომ ეს არის ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენ ძალიან რთული გზა გავიარეთ, მაგრამ დღეს შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ საქართველო ევროპასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, რომელიც ყველას ეკუთვნის. ეს არის ჩვენი საზოგადოების დამსახურება და ჩვენი დასავლელი მეგობრების დახმარების შედეგი, რისთვისაც მინდა, მათ მადლობა გადავუხადო”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ განსაკუთრებით აღნიშნა ევროკავშირის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის მნიშვნელობა, რომლის საშუალებითაც საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა და ქვეყნის ტრანსფორმაცია დაიწყო.

„ვფიქრობ, დღევანდელი დღე არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ჩვენ ვდგავართ მყარად და ერთადერთ სწორ გზაზე, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს წარმატებასთან. აუცილებელია, ჩვენი მოქალაქეები ყოველდღიურად გრძნობდნენ იმ სიკეთესა და წარმატებას, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის გზას მოაქვს. ჩვენ ახლახან კიდევ ერთი გამარჯვება ვიზეიმეთ, როდესაც ევროკავშირმა ოფიციალურად მოგვცა საშუალება გავწევრიანდეთ ევროპის განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციაში(ENQA) და ქართული დიპლომები აღიარებული იყოს ევროპაში. ჩვენ ასეთი გამარჯვებები გვჭირდება ყოველდღე”, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ევროპის დღეების ფარგლებში რიყის პარკში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კარლ ჰარცელმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ მიმართეს.

პრემიერ-მინისტრმა, ევროკავშირის ელჩსა და თბილისის მერთან ერთად რიყის პარკში ევროპის დღეებისადმი მიძღვნილი გამოფენა დაათვალიერა, რომელზეც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები საქართველოში განხორციელებულ აქტივობებსა და პროექტებს წარადგენენ.

ევროპის დღეები, რომელიც საქართველოში წელს მეშვიდედ აღინიშნება, მაისის ბოლომდე გაგრძელდება და როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, ჯამში 80-მდე ღონისძიებას მოიცავს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა