სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი - ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენის პროექტს 144 ჰექტარზე ვაგრძელებთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში, 2008 და 2017 წლებში ხანძრით დაზიანებული ტყის აღდგენის საგაზაფხულო სამუშაოებს აგრძელებს. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი არჩილ ნიკოლეიშვილი სოფელ დაბაში იმყოფებოდა, სადაც ტყის აღდგენის პროექტით უკვე განხორციელებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

გასულ წელს, ნახანძრალ ტერიტორიაზე კომპლექსური შესწავლა, მათ შორის, გეოლოგიური და ნიადაგის ლაბორატორიული კვლევა განხორციელდა. შედეგებზე დაყრდნობით და ადგილზე განხორციელებული საველე მონიტორინგის საფუძველზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტებმა ტყის აღდგენის პროექტი მოამზადეს.

„ბორჯომის ხეობაში პირვანდელი ტყის სრული ეკოსისტემის აღდგენას წლები სჭირდება. ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, შემუშავებული პროექტის საფუძველზე, 2018 წელს 144 -ჰა ფართობზე უკვე განახორციელა დარგვის სამუშაოები. ჯამში, შემოდგომაზე, 250 ათასამდე ნერგი დაირგო. გაზაფხულზე ტყის აღდგენის პროექტს ასევე 144 ჰა ფართობზე ვაგრძელებთ. წიწვოვანთან ერთად, ფოთლოვანი სახეობის ნერგებიც დაირგვება. მნიშვნელოვანია, რომ აღდგენით სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაა ჩართული“, - განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, არჩილ ნიკოლეიშვილმა.

პროექტის ძირითადი მიზანი ხეობაში პირვანდელი ტყის ეკოსისტემის აღდგენაა, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივი, ტყის დროებით სანერგეებში გამოყვანილი ნერგი გამოიყენება.

აღსანიშნავია, რომ დღესვე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და ეროვნული სატყეო სააგენტოს ორგანიზებით, „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის 2019“-ის გამარჯვებულებისთვის სოფელ დაბაში შემეცნებითი ტური გაიმართა. ფინალისტი სკოლების მოსწავლეებმა სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე 60- მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დარგეს, რომელიც ეროვნულ საშენ მეურნეობაშია გამოყვანილი. დარგვის სამუშაოები მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდა.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დასცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო