სახელმწიფო მიწა, რომელზეც სოციალური საწარმოს ნაცვლად, სასაფლაო მოეწყო, „ყრუთა კავშირს“ ჰქონდა გადაცემული

ფოთში მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი მიწა, რომელზეც სოციალური საწარმოს ნაცვლად, სასაფლაო ფუნქციონირებს, ყრუთა კავშირს ჰქონდა გადაცემული, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

საუბარია ფოთში მდებარე 4 406 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, რომლის ნაწილიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კანონის დარღვევით, სასაფლაოს მოსაწყობად გასხვისდა.

როგორც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში „ინტერპრესნიუსს“ განუმარტეს, აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2014 წელს „საქართველოს ყრუთა კავშირს“ სახელმწიფომ უსასყიდლოდ, 15 წლის ვადით გადასცა. ხელშეკრულებით „ყრუთა კავშირს“ ვალდებულება ჰქონდა უზრუნველეყო ქონების გარემონტება, მიმდინარე ხარჯების ანაზღაურება, ობიექტის მოვლა და დაზიანებისგან დაცვა, თუმცა სააგენტომ მონიტორინგის დროს გამოავლინა, რომ აღნიშნულ ადგილას სასაფლაო ფუნქციონირებდა.

„2017 წლის ნოემბერში, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით, სააგენტომ განახორციელა ობიექტის ადგილზე დათვალიერება, რის შემდგომაც აღმოჩნდა, რომ ქ.ფოთში ბათუმის ქ. N1-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ფუნქციონირებდა სასაფლაო,“ - განმარტავენ ქონების ეროვნულ სააგენტოში.

ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ გამოვლენილი დარღვევისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აღნიშნული მიწის ნაკვეთის მოტყუებით დაუფლებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებდა, 2018 წლის 19 ივლისს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ხელშეკრულება შეწყვიტა და ქონება კვლავ სახელმწიფოს დაუბრუნდა.

თავის მხრივ კი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ დამნაშავეს ამჟამად გირაო აქვს შეფარდებული და სახელმწიფოს დაუბრუნდა ქონება, გარდა მიწის იმ ნაწილის - 2 226 კვ.მ-ის, რომელიც ბრალდებულს სასაფლაოს მოწყობის მიზნით ჰქონდა გასხვისებული. უწყების ინფორმაციით, სახელმწიფოსთვის მიყენებული ზარალი 122 466 ლარს შეადგენს.

იმის გასარკვევად, თუ კონკრეტულად ვისი პასუხისმგებლობა დგას აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ „საქართველოს ყრუთა კავშირს“ დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ, რომ მიწა უკანონოდ და ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე კავშირის ფორთის წარმომადგენელმა გაასხვისა, ამის შესახებ კი მათთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ქონების ეროვნული სააგენტოდან ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

„ჩვენ წარმომადგენლები ყველა რეგიონში გვყავს. ფოთში დანიშნული გვყავდა წარმომადგენელი ამ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით და ამ ტერიტორიაზე ყრუ-მუნჯებისთვის დასაქმების ცენტრის გახსნა იგეგმებოდა. ამ პირს არ ჰქონდა ხელმოწერის უფლება, არ ჰქონდა ბეჭედი, შესაბამისად გაუგებარია, როგორ ხდებოდა გარიგება მიწის გაყიდვისას. ამის შესახებ მას შემდეგ შევიტყვეთ, რაც ეკონომიკის სამინიტროდან დაგვიკავშირდნენ. ხელშეკრულება გვქონდა, რომელიც ამ ფაქტის გამო შეწყდა და ახლა გვაქვს მოლაპარაკებები. უწყების მხრიდან არის მზაობა, რომ ხელშეკრულება გაგრძელდეს," - აცხადებენ „ყრუთა კავშირში“.

ამასთან, როგორც „ყრუთა კავშირში“ განამრტავენ, თავადაც დაზარალებულად არიან ცნობილნი და დამნაშავეს მათთვის მატერიალური ზარალის ანაზღაურების ვალდებულება აქვს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს