ნათია თურნავა პანკისის მოვლენებზე - როდესაც ასეთი გაუგებრობა ხდება, რა დოზის კომუნიკაციაც არ უნდა ყოფილიყო ამის წინ, მეტი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას

პირველ რიგში, როდესაც ასეთი გაუგებრობა ხდება, რა დოზის და რა ძალისხმევის კომუნიკაციაც არ უნდა ყოფილიყო ამის წინ, მეტი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, ეს ცალსახად ასეა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „იმედის“ ეთერში პანკისის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მინისტრი პანკისში განვითარებულ მოვლენებს „სამწუხარო გაუგებრობა“ უწოდებს და აცხადებს, რომ როგორც ყოველთვის, ასეთ დროს დიდი წილი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

ამას გარდა, ნათია თურნავამ ობიექტურ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პანკისის მოვლენები ბოლო პერიოდში ქვეყანაში ჰესების მიმართ გამძაფრებული პროტესტის გამოხატულებაა.

„მთავარია, რა გაკვეთილი შეიძლება ჩვენ აქედან გამოვიტანოთ და რა პრობლემის შედეგია ეს. არის ობიექტური პრობლემები, რომელიც ამ ინციდენტმა, ამ გაუგებრობამ წარმოაჩინა.

ეს ანარეკლია იმ პრობლემის, რასაც ჰქვია გამძაფრებული წინააღმდეგობა, მიუღებლობა, რომელიც იზრდება მოსახლეობაში. მივედით იქამდე, რომ მცირე, ასეთი უწყინარი პროექტებიც კი დიდ წინააღმდეგობას იწვევს. ამას აქვს თავისი ახსნა, ჰიდროსადგურების მშენებლობის ტემპი გაიზარდა, ამასთან, არის ცოდნისა და ინფორმაციის ნაკლებობა, თუ რა არის ჰესი და რა ზემოქმედება შეიძლება მან მოახდინოს, შესაბამისად, ამ ფონზე მძლავრობს დეზინფორმაცია. ამ პრობლემებმა დაგვანახა დარგის რეფორმის დაჩქარების აუცილებლობა“, - განმარტა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა პანკისში ჰესის მშენებელმა კომპანიამ, რომელსაც ჯერ კიდევ წელიწად ნახევრის წინ გაცემული სამშენებლო ნებართვა ჰქონდა და მოითხოვა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. თავის მხრივ კი ეკონომიკის სამინისტრომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს.

„ჩვენ პანკისში ვიცავდით და ვიცავთ არა რომელიმე კონკრეტული ბიზნესის ინტერესებს, ჩვენ პირველ რიგში ვიცავთ პანკისელების ინტერესებს, პანკისში დასაქმებას, პანკისის განვითარებას. შემიძლია ვთქვა, რომ ესაა ძალიან ბრძენი და პატრიოტი ხალხი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სამწუხარო ინციდენტი, გაუგებრობა აღარ განმეორდება და როდესაც ვნებათაღელვა ჩაივლის, პანკისელები ცივი გონებით მივლენ ისეთ კონსენსუსამდე, რომელიც პირველ რიგში პანკისს არგებს,“ - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, ინციდენტი საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა ახლა ძალიან იმედისმომცემია ის გზავნილები, რაც მოდის პანკისის ხეობიდან და პროცესი ნორმალიზაციისკენაა წასული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს