თბილისში მასშტაბური პროექტი „საქართველო-ევროპა“ დაიწყო

საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით მასშტაბური პროექტი „საქართველო, ევროპა“ დაიწყო. ორდღიანი საერთაშორისო ფორუმი - „კულტურათა კავშირი - საქართველოსა და ევროპის შემოქმედებითი მომავლის განვითარება“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, ფორუმში როგორც სხვადასხვა ქვეყნის კულტურის მინისტრები და სამინისტროების წარმომადგენლები, ასევე ევროპის წამყვანი ექსპერტები, ხელოვანები, ადგილობრივი და საერთაშორისო კულტურული ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები მონაწილეობენ.

პანელ-დისკუსიების ფორმატში ქართველი და საერთაშორისო მომხსენებლები ფორუმის პირველ დღეს ისაუბრებენ კულტურაზე, როგორც საერთაშორისო მასშტაბით პოზიტიური ცვლილებების განხორციელების ინსტრუმენტზე, კულტურის როლზე ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარების ჭრილში, ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობით ქვეყნის კულტურის განვითარების გზებსა და სხვა საკითხებზე.

ღონისძიებაზე მოეწყობა ევროპის საბჭოს გამოფენა „აღმოაჩინე მრავალფეროვნება, აღმოაჩინე ისტორია“, რომელიც საქართველოს მრავალფეროვნების შესახებ ევროპელი მოგზაურებისა და მკვლევარების ჩანაწერების ფოტო სერიებს მოიცავს.

7 მაისს, სხვადასხვა ვორქშოფი გაიმართება, სადაც ევროპის წამყვანი ექსპერტები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. დისკუსია ქვეყნებს შორის კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებასა და შემოქმედებითი კავშირების განვითარების ხელშეწყობისკენ იქნება მიმართული.

„პროექტის „საქართველო, ევროპა“ მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს, როგორც უძველესი კულტურისა და ტრადიციების მქონე ევროპული ქვეყნის პოლიტიკური იმიჯის ამაღლება, ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა - ქვეყნის, როგორც სანდო და ძლიერი პარტნიორის პოზიციონირება საერთაშორისო ასპარეზზე. კულტურული დიპლომატია, ე.წ. ,,რბილი ძალა“, ძირითადი ინსტრუმენტია ქვეყნებს შორის ურთიერთობების ფორმირებაში, შესაბამისად, აღნიშნული პროგრამის განხორციელება კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. პროექტი „საქართველო, ევროპა“ მიმართულია, ერთი მხრივ, საქართველოს პოპულარიზაციისა და მისი ცნობადობის გაზრდისკენ მსოფლიო მასშტაბით, ხოლო, მეორე მხრივ, სხვადასხვა ქვეყნის კულტურის პოპულარიზაციისკენ საქართველოში. პროექტი გულისხმობს ევროპასა და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ფონდებთან თანამშრომლობით კულტურული პროგრამების განხორციელებას, რითაც საქართველო გახდება ევროპულ კულტურული კალენდრის ნაწილი. პროგრამის ფარგლებში მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით არაერთი კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართება, მათ შორის, ფესტივალები, საერთაშორისო გამოფენები, კონცერტები და ა.შ. შეიქმნება სპეციალური ვებგვერდი და მობილური აპლიკაცია, სადაც თავმოყრილი იქნება წლის განმავლობაში პროექტით დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს