უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შესარჩევად განაცხადების მიღება შესაძლოა, მიმდინარე კვირას დაიწყოს

დღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმსჯელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად იმ განაცხადების ფორმაზე, რომლის მიხედვითაც, საბჭომ უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეთა კანდიდატები უნდა შეარჩიოს და შემდეგ პარლამენტს უნდა წარუდგუნოს.

აღსანიშნავია, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შერჩევის წესსა და პროცედურებს გულისხმობს, იუსტიციის საბჭომ კანონით დაკისრებულ ვალდებულებებზე მუშაობა უკვე დაიწყო.

როგორც იუსტიცის საბჭოს მდივანმა,გიორგი მიქაუტაძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს განაცხადების მიღების პროცესი არ გამოცხადდება და საბჭო მხოლოდ ფორმაზე იმსჯელებს. მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოშიც მოსამართლეების არჩევა დაახლოებით, ისეთივე ფორმით მოხდება, როგორითაც პირველ და მეორე ინსტანციაში ირჩევენ.

„ჩვენ კანონი გვავალდებულებს, რომ დავამტკიცოთ რეკომენდაციის სპეციალური ფორმა და სპეციალური კითხვარი, ასევე განაცხადის ფორმა და შეფასების ფორმები, რომლებიც არის ასევე სტანდარტული პროცედურები. ეს არის კითხვარის ფორმა, შაბლონები, რომლებიც იქნება მსჯელობის საგანი დღევანდელ სხდომაზე. ამ საორგანიზაციო საკითხებში ეს იგულისხმება. დღეს არ გამოცხადდება განაცხადების მიღების პროცესი, თუმცა უახლოეს მომავალში ჩვენ ვგეგმავთ, რომ ამასაც გამოვაცხადებთ, ვინაიდან ესეც საკანონმდებლო ვალდებულება გახდა მას შემდეგ რაც კანონი შევიდა ძალაში", - განაცხადა მიქაუტაძემ.

მისი თქმით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შესარჩევად განაცხადების მიღება გამორიცხული არ არის, რომ მიმდინარე კვირას დაიწყოს.

„ლოგიკური არის, რომ გარკვეული პერიოდით ადრე ჩვენ ეს ფორმები დავამტკიცოთ და გახდეს საჯარო, იმისათვის, რომ სავარაუდო კანდიდატებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ გაეცნონ, მოემზადონ და თავიანთი გეგმები ამის მიხედვით დააწყონ და უახლოეს მომავალში საბჭო იმსჯელებს განცხადების მიღების პროცესის გამოცხადების თაობაზე", - განაცხადა მიქაუტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო