გიორგი მშვენიერაძე - გიორგი მიქაუტაძე მისი განცხადების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებულ ყველა პროცესს უნდა ჩამოშორდეს

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წევრის, გიორგი მშვენიერაძის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე დღევანდელი განცხადების შემდეგ ყველა პროცესს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან იქნება დაკავშირებული, უნდა ჩამოშორდეს.

გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესახებ განაცხადების მიღება დაიწყება, შესაძლოა, უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეობის კანდიდატურაზე იფიქროს.

გიორგი მშვენიერაძის შეფასებით, მიქაუტაძის დღევანდელი განცხადება არ გაკვირვებია, რადგან საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც 2018 წლის დეკემბერში უკვე იყვნენ სიაში, სურვილი ისევ აქვთ, რომ დაიკავონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა.

„არ ვარ გაკვირვებული, რადგან ჩვენ ამას მანამდეც ვამბობდით. პროცესი ისე მიდიოდა, რომ საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც ერთხელ იყვნენ სიაში, აქვთ ინტერესი სიაში იყვნენ მეორედაც, აქვთ სურვილი დაიკავონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა და ყველაფერს ცდილობდნენ იმისთვის, რომ მიღებული ნორმები, რომლებიც კანონში ჩაიწერებოდა, ყოფილიყო ისეთი, რომ მათთვის გზა გაეხსნა და კონკურენტებისთვის გარკვეული ბარიერები შეექმნა.

თუკი ნამდვილად აპირებს მონაწილეობას და ამას ღიად აცხადებს, მაშინ ახლავე, ამ განცხადების შემდეგ უნდა ჩამოშორდეს ყველა პროცესს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან იქნება დაკავშირებული. მიუკერძოებლოების კრიტერიუმი, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს ეხება და რომელიც ჩაიდო კანონში, სწორედ იმას გულისხმობს, რომ ადამიანი, რომელიც გადაწყვეტს იყოს მოსამართლე, ყველა პროცედურას უნდა განერიდოს. ლოგიკური იქნება, პატივი სცეს კანონის სულისკვეთებას და არ მიიღოს მონაწილეობა იმ პროცედურებში, რომელიც არის გათვალისწინებული“, - აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო