მიხეილ ბენიძე გიორგი მიქაუტაძის განცხადებაზე - საზოგადოების მხრიდან ამას სერიოზული რეაქცია ექნება

თუ მართლა „კლანის“ და მმართველი პარტიის შეთანხმებული ინტერესია, რომ ამ ჯგუფთან დაახლოებული პირები დაინიშნონ უზენაეს სასამართლოში, ამას მალე დავინახავთ და საზოგადოების მხრიდან იქნება საკმაოდ სერიოზული რეაქცია, - ასე ეხმაურება „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე მიხეილ ბენიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გიორგი მიქაუტაძის განცხადებას, რომ შესაძლოა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ახალ სიაში მისი კანდიდატურაც მოხვდეს.

როგორც ბენიძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, საზოგადოება, კონკრეტული სახელების და გვარების შემთხვევაში, განსაკუთრებით გულისყურით იქნება.

„ზოგადად, ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით, რომ მთავარი პრობლემა საბჭოს ის შემადგენლობაა, რომელმაც დაუჭირა მხარი სწორედ გიორგი მიქაუტაძის მიერ წარმოდგენილ სიას ყოველგვარი პროცედურების და კრიტერიუმების გარეშე. მთავარი პრობლემა დღეს არის სამწუხაროდ ის, რომ საბჭოს წევრების უმრავლესობა ვერ აღიქვამს სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს. ასევე, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ ისე, როგორც წარიმართა კანონპროექტის შემუშავების და მიღების პროცესი, ეს მიუთითებდა იმაზე, რომ ასეთი გზით წარმართული პროცესი საშუალებას ტოვებდა, რომ საბჭოში არსებულ გავლენიან ჯგუფს. ე.წ. კლანს მაინც საკუთარი ინტერესების მიხედვით ჰქონოდა გავლენა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე და წარმოედგინა ის კანდიდატურები, ვინც მათ სურდათ. სახელებზე და გვარებზე არ არის აქ მთავარი აქცენტი, აქ მთავარია, რომ ეს პირები შეიძლება იყვნენ ლოიალურები ამ „კლანისადმი“. ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არ გაითვალისწინა არაერთი რეკომენდაცია, ეს მიუთითებდა იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ცალსახად იყო მწვანე შუქი. არ ვიცი ახლა გიორგი მიქაუტაძე იქნება თუ არა ამ სიაში და ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ბერკეტები „კლანს“ აქვს იმისა, რომ საკუთარი „კლანისადმი“ ლოიალური კანდიდატები წარმოადგინოს. ეს არის მთავარი პრობლემა. ჩვენ გვჭირდება ღირსეული, დამოუკიდებელი კანდიდატები, ადამიანები, რომლებიც არ იქნებიან შებოჭილი რომელიმე „კლანისადმი“ ლოიალობით. სამწუხაროდ, ის კანონმდებლობა, რაც დაამტკიცა პარლამენტმა, ტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ ამ მიმართულებით პოზიტიური შედეგი არ იყოს“,- განაცხადა ბენიძემ.

მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორი აქტიურ მონიტორინგს გაუწევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის და კანდიდატთა წარმოდგენის პროცესს.

„არასამთავრობო სექტორი დავაკვირდებით და აქტიურ მონიტორინგს გავუწევთ უშუალოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის, კანდიდატების წარმოდგენის პროცესს და იმას, თუ რამდენად კეთილსინდისიერად მოახდენს კანდიდატების ნომინირებას საბჭო და შემდეგ როგორ მოხდება მათი განხილვა პარლამენტში. თუ მართლა „კლანის“ და მმართველი პარტიის შეთანხმებული ინტერესია, რომ ამ ჯგუფთან დაახლოებული პირები დაინიშნონ უზენაეს სასამართლოში, ამას მალე დავინახავთ და საზოგადოების მხრიდან ამას ექნება საკმაოდ სერიოზული რეაქცია. ვნახოთ როგორ წარიმართება პროცესი. ვფიქრობ, საზოგადოება კონკრეტული სახელების და გვარების შემთხვევაში, ალბათ, განსაკუთრებით გულისყურით იქნება“,- განაცხადა ბენიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე არ გამორიცხავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ახალ სიაში მისი კანდიდატურაც მოხვდეს. როგორც მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე კონკრეტულად არ აქვს გადაწყვეტილი მონაწილეობის მიღება, თუმცა განმარტავს, რომ მას შემდეგ რაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შესახებ განაცხადების მიღება დაიწყება, შესაძლოა, უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეობის კანდიდატურაზე იფიქროს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა