სოცმუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე - გადაადგილების საკითხი კვლავ პრობლემად რჩება, მანქანებსაც უკან როდის წაიყვანენ, არ ვიცით

გადაადგილების პრობლემაზე სტაბილურობის განცდა საერთოდ არ გვაქვს, მანქანებსაც უკან როდის წაიყვანენ, როგორც ერთხელ უკვე გააკეთეს, არ ვიცით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოციალურ მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ, ქეთი ხუციშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სოცმუშაკებისთვის მიცემული დაპირებების შესრულების თაობაზე საუბრისას განუცხადა.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური მუშაკებისთვის მიცემული დაპირებების ნაწილი არ შეასრულა, რის გამოც, გადაადგილების საკითხი კვლავ პრობლემად რჩება. ხუციშვილის განმარტებით, ძირითად შემთხვევაში სოცმუშაკები კვლავ საკუთარი ხარჯებით გადაადგილდებიან.

„საქმე იმაშია, რომ თითო, დიდ რეგიონში ნამდვილად თითო მანქანა გამოიყო, რომელიც სოციალურ მუშაკს ემსახურებოდა, თუმცა საკმარისი არ იყო. იმიტომ, რომ ერთ რეგიონში შედის დაახლოებით 10-მდე რაიონი. ასევე, თბილისის თითოეულ სოციალურ მომსახურების ცენტრთან მანქანა 2 კვირის განმავლობაში იყო და 2 კვირის შემდგომ ეს მანქანები უკან წაიყვანეს, რაც, რასაკვირველია, პრობლემა გახდა. იმიტომ, რომ სოციალურ მუშაკს სამინისტროსთვის უნდა მიემართა, წერეთლის 144 ნომრიდან უნდა მისულიყო მანქანა სოციალური მომსახურების ცენტრთან და მერე უნდა წასულიყო გადაუდებელ შემთხვევაზე. ეს მთლიანად გამორიცხავდა გადაუდებელ შემთხვევათა რეაგირების შესაძლებლობას. ამიტომ, სოცმუშაკები ისევ ტაქსებით დადიოდნენ. მას შემდეგ რაც ამაზე საჯაროდ დავწერეთ, ეს მანქანები უკან დააბრუნეს, თუმცა არასტაბილური ვითარების ფონზე ვართ. როდის წაიყვანენ უკან ამ მანქანებს, არავინ იცის.

მაგალითად, კახეთში, მანქანა, რომელიც ადგილობრივ სოციალურ მუშაკებს მთელ რეგიონში ემსახურებოდა, გაფუჭდა და დღეს საერთოდ აღარ ჰყავთ. ასევე, მანქანა საერთოდ არ გამოუყვიათ მთელი აჭარის რეგიონისთვის, სადაც სოციალური მუშაკები, მათ შორის მაღალმთიან აჭარაში, საკუთარ ხელფასიდან ტაქსით გადაადგილდებიან. ეს მანქანები ასევე იყო გადაუდებელი შემთხვევების. სოციალურ მუშაკს არც სამგზავრო ვაუჩერი მისცეს. განსაკუთრებით რეგიონის სოცმუშაკები საკუთარი ხელფასიდან დაახლოებით ნახევარს ისევ ხარჯავენ. კიდევ ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ ახლა ეს გადაადგილების პრობლემა მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ხუციშვილმა.

მან ასევე ისაუბრა, დაპირებების იმ ნაწილზე, რომელიც სამინისტროს მიერ შესრულებულია.

„პირობები შესრულდა ის, რომ ტექნიკური სამუშაოსგან განტვირთვა მიმდინარეობს. ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ სოციალური მუშაკის სამუშაოს დაახლოებით 15%-ს გამოათავისუფლებს, რაც კარგია. ასევე ხელმოწერის პროცედურა გამარტივდა ექსპერტიზის ბიუროში. ვიცით, რომ ტენდერი გამოცხადდა სოციალური მომსახურების ცენტრების რეაბილიტაციისთვის, თუმცა ზუსტად არ ვიცით, რომელი ცენტრები მოისაზრება ამაში.

ძალიან დიდი იმედი გვაქვს პარლამენტის, რომელმაც საზედამხედველო ფუნქცია უნდა შეასრულოს, რადგან სამინისტროსთან მოლაპარაკებების იმედი უფრო ნაკლებად გვაქვს. ყველა დაინტერესებულ მხარესთან ვთანამშრომლობთ“, - აღნიშნა ქეთი ხუციშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო