სოფო კილაძე - იმის გადაწყვეტა, ვინ იქნებიან მოსამართლეობის კანდიდატები, არ არის პარლამენტის პრეროგატივა, ამიტომ, კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებით ვერ გავაკეთებ შეფასებას

იმის გადაწყვეტა, თუ ვინ იქნებიან კონკრეტული კანდიდატურები, რომლებიც პარლამენტს წარედგინება, არ არის პარლამენტის პრეროგატივა, ამიტომ მე კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებით ვერ გავაკეთებ შეფასებას, - ასე უპასუხა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ ჟურნალისტების კითხვას, მისაღები იქნება თუ არა მისთვის, თუკი გიორგი მიქაუტაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი იქნება. კილაძის თქმით, პარლამენტის პრეროგატივა არ არის, ჩაერიოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებაში, ვინ ვის წარმოადგენს.

„ჩვენი პრეროგატივაა, რომ პარლამენტმა, პირველ რიგში, მოუსმინოს კონკრეტულ კანდიდატებს და შემდგომში უკვე კენჭი უყაროს. ამ ნაწილში ჩვენ ჩვენს გადაწყვეტილებას მივიღებთ. ის უფლებამოსილებები, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს გააჩნიათ, ეს მათი გადასაწყვეტი და მათი პასუხისმგებლობაა.

სამწუხაროდ, ასეთი იერიში, რასაც ბოლო პერიოდში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით ვხედავთ, არ მგონია, რომ კანონის უზენაესობის განმტკიცებას უწყობდეს ხელს. ალბათ, აჯობებს, რომ ყველა ინსტანციამ ჩვენ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში მივიღოთ გადაწყვეტილება,"- განაცხადა სოფო კილაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს