თბილისში სტუდენტური ფესტივალი 7 მაისს გაიხსნება

თბილისის მერიის და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ორგანიზებით, 7–16 მაისს, თბილისში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე სტუდენტური ფესტივალი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს საუნივერსიტეტო ქალაქებში მოქმედი 36 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და 50 000-მდე ქართველი და უცხოელი სტუდენტი მიიღებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, 10 დღის განმავლობაში, ოლიმპიური პარკის ტერიტორიაზე მოწყობილ სტუდენტურ ქალაქში ფესტივალთან დაკავშირებული ყველა აქტივობა ჩატარდება: გახსნისა და დახურვის ცერემონიები, სპორტული და კულტურულ-შემოქმედებითი აქტივობები - საერთო ჯამში 20-მდე მასობრივი ღონისძიება.

ფესტივალი საკონკურსო და არასაკონკურსო აქტივობებს მოიცავს. საკონკურსო ნაწილი შეჯიბრებებს ითვალისწინებს უნივერსიტეტების სტუდენტურ გუნდებს შორის სპორტის 3 სახეობაში (ფეხბურთი; კალათბურთი; ფრენბურთი) და სტუდენტთა შემოქმედებითი ჯგუფების წარმოდგენებს 4 მიმართულებით (ქართული ცეკვა, თანამედროვე ცეკვა, ხალხური სიმღერა, საესტრადო სიმღერა). ფესტივალის ფარგლებში, ქართულ სტუდენტურ საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით, არასაკონკურსო ჩვენებების სახით არაერთი აქტივობა ჩატარდება, რომელშიც საქართველოში მცხოვრები 60-ზე მეტი ქვეყნის 5000-მდე უცხოელი სტუდენტი ჩაერთვება , რაც უცხოელი სტუდენტების კულტურული იდენტობის წარმოჩენას და გაცნობას შეუწყობს ხელს ქართული აუდიტორიისთვის. არასაკონკურსო აქტივობები იქ მცხოვრები სტუდენტების მიერ საქართველოს რეგიონების ტრადიციების წარმოჩენასაც ითვალისწინებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, არასაკონკურსო მიმართულება შემდეგ აქტივობებს მოიცავს: ეთნოკულინარიული გამოფენა; სპორტული ღონისძიებები(კრიკეტი, ბადმინტონი); მეწარმე სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა. ფესტივალს გამარჯვებული უნივერსიტეტი ეყოლება, რომელიც სხვადასხვა ნომინაციაში მოპოვებული გამარჯვებების ჯამური რაოდენობით გამოვლინდება.

ფესტივალის მიზანია სტუდენტებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება, სტუდენტებს შორის ჯანსაღი კონკურენციის პრინციპების ჩამოყალიბება, სტუდენტების მოტივაციის ამაღლება და მათი ნიჭის რეალიზაციის ხელშეწყობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო