დავით გარეჯის ტერიტორიაზე ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დღეიდან პატრულირებას იწყებს

დავით გარეჯის ტერიტორიაზე ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დღეიდან პატრულირებას იწყებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით ქაცარავამ განუცხადა.

„დავით გარეჯის ტერიტორიაზე დღეიდან ვიწყებთ პატრულირებას, რომელიც აბსოლუტურად მშვიდობიანი იქნება. მოძრაობა იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ ტურისტულ მარშრუტზე, რომელზეც ჩვენ ვმოძრაობთ. ეს იქნება განკუთვნილი, პირველ რიგში იმისთვის, რომ არ შეიქმნას ინფორმაციული ვაკუუმი, რომელიც ხშირად ჩვენს სახელმწიფოებივ ინტერესებს აზიანებს. ვგულისხმობ იმას, რაც მოხდა ამ ბოლოს დავით გარეჯში. 3 დღიანი ვაკუუმი იყო, რომლის პერიოდშიც საზოგადოება საერთოდ არ იყო ინფორმირებული პრობლემის შესახებ და მხოლოდ მე-4 დღეს გავიგეთ ის, რომ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დაკეტეს საზღვარი და მისასვლელი ბილიკები ეკლესიასთან. ამიტომ ეს იქნება, არა უფრო ანტისაოკუპაციო მოძრაობის ფორმატში, არამედ უფრო საზოგადოებრივი მოძრაობა. ადგილობრივი მოსახლეობაც ძალიან მოტივირებული, შეწუხებული და შეშინებულია. მათთან ერთად ვიქნებით ჩვენ კოორდინაციაში. ბუნებრივია, საქმის კურსში ჩავაყენებთ ადგილობრივ თვითმმართველობასაც, მესაზღვრეებსაც. ვიქნებით უბრალოდ იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას დროული და ობიექტური ინფორმაცია მივაწოდოთ“, - განაცხადა დავით ქაცარავამ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით რთულია იმის თქმა, როდის დაასრულებენ პატრულირებას დავით გარეჯის ტერიტორიაზე. ამავე დროს, დავით ქაცარავა აღნიშნავს, რომ ვიდრე სიტუაცია ბოლომდე არ განიმუხტება, პატრულირება გაგრძელდება.

„ეს შეიძლება იყოს იმ დრომდე, ვიდრე სიტუაცია ბოლომდე არ განიმუხტება და ჩვენ არ დავინახავთ, რომ ყველა რისკი და საშიშროება განეიტრალებულია. ამის შემდეგ ეს პატრულირება შეიძლება შეწყდეს კიდეც, თუმცა წინასწარ ამაზე საუბარი ცოტა რთულია. უფრო ასეთ ფორმულირებას გავაკეთებ. ვიქნებით მანამ, სანამ ეს საჭიროება იქნება,“ - განაცხადა დავით ქაცარავამ.

მისივე თქმით, აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან მათ პირდაპირი შეხება არ ექნებათ.

„ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტული ტურისტული ზონაა. ეს არის იქ, სადაც პრობლემა შეიქმნა და არ გვიშვებდნენ. ეს იქნება ჩვენი საპატრულო ტერიტორია, სხვა ტერიტორიაზე ჩვენი ჩართულობისთვის საჭიროებას ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ქაცარავამ.

იხილეთ ვიდეო: დავით გარეჯის ტერიტორიაზე ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" დღეიდან პატრულირებას იწყებს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს