ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyarystan მომავალი წლიდან შესაძლოა, საქართველოს ბაზარზე გამოჩნდეს, რისთვისაც ადგილობრივ პარტნიორებს ეძებს

1 მაისს ახალმა ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ FlyArystan პირველი რეისი ალმატი - ნურ-სულთანი განახორციელა. FlyArystan-ის კომფორტული, 180 ადგილიანი თვითმფრინავები ქვეყნის შიგნით 6 მიმართულებით იფრენენ. როგორც კომპანია FlyArystan - ის აღმასრულებელმა დირექტორმა პიტერ ფოსტერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ახალი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია მომხმარებლებს მაღალი ხარისხის მომსახურებასა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.

„FlyArystan მომხმარებლებს ბაზარზე არსებულზე ორჯერ ნაკლებ ფასს სთავაზობს. მთელი აზრი იმაში დევს, რომ ჩვენს მომხმარებელს თავად შეუძლია განსაზღვოს მომსახურება და ფასიც ამაზეა დამოკიდებული. მაგალითად, მომხმარებელი რაც უფრო ადრე დაჯავშნის ბილეთს, მისი საფასური უფრო ნაკლები იქნება. ასევე, მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ ბარგით ან მის გარეშე მგზავრობა, კონკრეტული ადგილი, კვება და ა.შ. წინასწარ იმის მითითებაც კი შეუძლიათ, რისი ჭამა და დალევა სურთ. მოკლედ რომ ვთქვათ, მთავარი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ არჩევანი მომხმარებლის ხელშია“, - განაცხადა პიტერ ფოსტერმა.

წლის ბოლომდე ავიაკომპანია გაფართოებასა და რეგიონის მასშტაბით ფრენების დამატებას გეგმავს. როგორც Flyarystan-ის წარმომადგენლები აცხადებენ, მომავალ წელს კომპანია შესაძლოა, საქართველოს ბაზარზეც გამოჩნდეს, თუმცა ამისთვის მათი თქმით, შესაბამისი ადგილობრივი პარტნიორების პოვნაა საჭირო.

"უკეთესი წარმოდგენა რომ შეგიქმნათ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის პოპულარობაზე, გეტყვით, რომ ბილეთების გაყიდვა 29 მარტს დავიწყეთ და იმ დღიდან ამ დრომდე 50 ათასი ბილეთი გავყიდეთ.

ჩვენ უკვე ვფიქრობთ სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი და რეგიონის სხვა ქვეყნები. ჩვენ თითოეულ ამ ქვეყანაში და მათ შორის უნდა ვიპოვოთ ისეთი პარტნიორი, რომელიც ძირითადი აქციონერი იქნება. ავიაკომპანიის გეგმებში შედის არა მხოლოდ საერთაშორისო მარშრუტების გახსნა, არამედ კონკრეტულად ამ ქვეყანაში რამდენიმე თვითმფრინავის განთავსება, მაგალითად საქართველოს შემთხვევაში ასეთ ადგილად ქუთაისის აეროპორტს განვიხილავთ.

ამ დროისთვის Flyaristan-ს ორი თვითმფრინავი ჰყავს. ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის გვეყოლება 4, მომავალი წლის ბოლოსთვის 9 და 2021 წლის ბოლოსთვის 15 თვითმფრინავი, თუმცა თუ საერთაშორისო ფრენებზე ჩვენი გეგმები წარმატებით განხორციელდება, მაშინ ველოდებით, რომ 15 თვითმფრინავი 24-მდე გაიზრდება,"- განაცხადა პიტერ ფოსტერმა.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა საქართველოში Flyaryatan Wizzair-ისთვის კონკურენციის გაწევას, პიტერ ფოსტერი აცხადებს, რომ ამის აუცილებლობა არ არის, რადგან ყაზახური ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე შემოსვლის შემთხვევაში, ფრენებს აზიის მიმართულებით განახორციელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა