ადვოკატი - მოწინააღმდეგე იმ დონეზე დავიდა, რომ თურმე დავით ბაგრატიონი სიგარეტს ღერებით ყიდულობდა - როცა სამეფო ოჯახის ამბიცია გაქვს, თავი ხომ უნდა დაიჭირო შესაბამისად?

სასამართლო დავებში სამართლებრივი შემადგენელი დაახლოებით 5% იყო, 95% კი - მიზანმიმართული პიარ-კამპანია ჩემი მარწმუნებლის წინააღმდეგ, თუმცა ამან მოწინააღმდეგე მხარე ჩვენზე ათჯერ მეტად დააზარალა, - ამის შესახებ დავით ბაგრატიონ- მუხრანელის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ განაცხადა.

მან განაცხადა, რომ ქონებრივ დავასთან დაკავშირებულ საქმეზე, რომელზეც გადაწყვეტილებას სასამართლო ხვალ გამოიტანს, სამი გარემოება არსებობს, რომელთაგან ერთიც საკმარისია, რომ სასამართლომ მოწინააღმდეგე მხარეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრას.

„ჩვენი ისტორია დასასრულს უახლოვდება. პირველი სასამართლო დავა ჩვენ სასარგებლოდ დასრულდა, საქმე განხილვიდან მოიხსნა. ხვალ მეორე საქმესთან, ქონებრივ დავასთან დაკავშირებით იქნება სასამართლო გადაწყვეტილება. ამ პროცესს დავითი არ დაესწრება. წარვადგინეთ სამი გარემოება და მათგან ერთის არსებობაც საკმარისია გადაწყვეტილების ჩვენ სასარგებლოდ მიღებისთვის. პირველია ინფორმაცია, რომელიც გრუზინსკების საიტიდან მოვიპოვეთ, რომ თავად მათი ოჯახი ადასტურებდა 2012 წელს წყვილის დაშორებას ესპანეთში. ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ და საქრთველოში დაბრუნების შემდეგაც ცალ-ცალკე ცხოვრება განაგრძეს. ამას ადასტურებდა ტელევიზიებში გასული სიუჟეტებიც, შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაადასტურა, რომ თანაცხოვრებას ადგილი ჰქონდა იმ პერიოდში, როცა ავტომობილები იქნა შეძენილი. ასევე, 2015 წელს მხარეებმა განქორწინების შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რაც ნოტარიულადაა დამოწმებული და სადაც მხარეები უარს აცხადებენ ერთმანეთთან ყოველგვარ ქონებრივ პრეტენზიაზე. მესამე გარემოებაა ის, რომ მოცემულ პერიოდში მოწინააღმდეგე მხარე არ თვლიდა სადავოდ, რომ ეს ავტომობილები იყო მათი ქონებით ან თანამონაწილეობით შეძენილი. სადავო არც ის გამხდარა, რომ ჩემს მარწმუნებელს იმ პერიოდში არსად უმუშავია და არც ბიზნესი ჰქონია. არსებობს შემოსავლის ერთადერთი წყარო, ეს მემკვიდრეობა და ჩუქებაა. ამ გზით მიღებული ქონება გაყოფას არ ექვემდებარება“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, საუბარი სამ ავტომობილს ეხება, რომელთა ღირებულებაც მოწინააღმდეგე მხარემ 190 000 ლარად შეაფასა.

„ქონებისთვის კვალიფიციურ ექსპერტს ექსპერტიზა არ ჩაუტარებია, უბრალოდ ვებ-საიტზე ნახეს, რა ეღირებოდა იმავე წლის გამოშვების ანალოგიური ავტომობილები და ამის საფუძველზე მოახდინეს კალკულაცია. თანხაზეც ვთვლით, რომ ძალიან გაზვიადებულია", - განაცხადა ლევან ჩხეიძემ.

ადვოკატმა ისაუბრა მორიგების შესაძლებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ არჩეული მოქმედების ფორმა მათთვის მიუღებელია.

„თუკი გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ იქნება, ჩვენ ამას გავასაჩივრებთ. იმ ფორმით პრეტენზიების წამოყენება, რომლითაც ისინი ითხოვდნენ, მიუღებელია. ეს არ იყო თანაცხოვრების დროს შეძენილი ქონება და მათ არ ეკუთვნოდათ წილი, მაგრამ იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ეს არის დავითის შვილის დედა, ბავშვი ძირითადად მასთან იზრდება, არა კანონის ძალითა და წართმევით, არამედ, კეთილი ნებით ამ საკითხის მოგვარება შესაძლებელი იყო. მოწინააღმდეგე აცხადებდა და რატომღაც კომპრომატადაც გამოიყენა, რომ ჩვენი მხარე მათ მიერ მოთხოვნილ 90 000 ლარზე მეტს სთავაზობდა. საუბარი იყო ყველა დავის შეწყვეტაზე", -განაცხადა ჩხეიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამეფო ოჯახის სამართლებრივი დავები მეტწილად მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მიმართული პიარ კამპანია იყო, რამაც ორივე მხარე დააზარალა.

„აჟიოტაჟი, რომელიც მოწინააღმდეგე მხარემ ატეხა, თითქოს დავითი წავიდა ქვეყნიდან და მართლმსაჯულებას ემალება, ტყუილია, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ დავითი ჩამოვიდა საქართველოში, მას შემდეგ, რაც დედამისის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მან რეაბილიტაციაც გაიარა. დავითი მაქსიმალურად დაიცავს თავის უფლებებს. საერთოდ, მოწინააღმდეგე მხარე იმ დონეზეც დავიდა, რომ თურმე ჩემი მარწმუნებელი სიგარეტს ღერებით ყიდულობდა. ესეც მათი შავი პიარის ნაწილია. სიმართლე რომ გითხრათ, მთელ ამ პროცესში და დავებში სამართლებრივი შემადგენელი დაახლოებით 5% იყო, 95% კი - მიზანმიმართული პიარ-კამპანია. ვინც ამგვარი გზა ურჩია მოწინააღმდეგე მხარეს, მას დათვური სამსახური გაუწია. ვაღიარებ, ძალიან დაგვაზარალეს ამ შავი პიარით, თუმცა მათი გაკეთებული განცხადებების გამო ათჯერ მეტი ზარალი თავად განიცადეს. პოლიციაში განცხადებები, პერიპეტიები, სასამართლოში სიარული - ამან იმოქმედა. როცა გაქვს ამბიცია, რომ სამეფო ოჯახს წარმოადგენ, მართალია, ამას ჩვენი კონსტიტუცია არ აღიარებს, მაგრამ ცოტა თავი ხომ უნდა დაიჭირო შესაბამისად?" - განაცხადა ლევან ჩხეიძემ.

თენგიზ ფხალაძე  -  თუკი დღეს ვინმე ხეირობს საქართველოში შექმნილი ვითარებით, ეს რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2019
რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო) 75 წლისაა
გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფმა (GET) საქართველოს ფინანსური სექტორის მონიტორინგის პირველი ნაწილი წარადგინა
ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ წამახალისებელი გათამაშების გამარჯვებულებს 14 დეკემბერს გამოავლენს
მედიკამენტებით უზრუნველყოფის გაუმჯობესების მიზნით PSP-ში გერმანულ წამყვან მწარმოებელ კომპანია „ბერლინ-ხემის“ წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა
რატომ არის კომპანია TOYOTA-ს მიერ წარმოებული ავტომობილები ასეთი პოპულარული და როგორ ზრუნავს კომპანია ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე
„სილქნეტმა“ მობილურ ქსელში უპრეცედენტო სამუშაოები ჩაატარა - დღეისათვის კომპანია მომხმარებელს უსწრაფეს, 4.5G ინტერნეტს სთავაზობს
BDO-მ მცირე და საშუალო სავაჭრო კომპანიების წამომადგენლებს კონფერენციაზე უმასპინძლა