ადვოკატი - რეზი ნასიძეს საავადმყოფოში სათანადო მკურნალობა არ გაუწიეს, ის ფაქტობრივად უპატრონოდ დატოვეს

რეზი ნასიძეს საავადმყოფოში სათანადო მკურნალობა არ გაეწია, ის ფაქტობრივად უპატრონოდ დატოვეს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ექიმის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანებაში ბრალდებული მსახიობის რეზი ნასიძის ადვოკატმა ვახტანგ კვიჟინაძემ განუცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პროვოკაციის მსხვერპლია.

„დაცვის მხარე წარდგენილი ბრალის ფორმულირებას არ ეთანხმება, თითქოს, ექიმსა და ნასიძეს შორის კონფლიქტის დაწყების მიზეზი იყო რაღაც პრეპარატის მოთხოვნა. ცალსახად ვიტყვი, ყველა მოწმის ჩვენებით დასტურდება ერთი რამ, რომ რევაზ ნასიძეს საავადმყოფოში სათანადო მკურნალობა არ გაეწია, ის ფაქტობრივად უპატრონოდ დატოვეს. დღეს პოლიციელებმაც დაადასტურეს, რომ ადამიანი თავისთვის იწვა და არავინ ეხმარებოდა. ადამიანი, რომელსაც საშინელი ტკივილები ჰქონდა, პროვოკაციის მსხვერპლი გახდა. ეს დადასტურდა ყველა მოწმის ჩვენებით", - განაცხადა კვიჟინაძემ.

საპირისპიროს აცხადებს საქმის პროკურორი ანა კალანდაძე. მისი განმარტებით, დღეს დაკითხული პატრულ-ინსპექტორების მიერ მიცემული ჩვენებითაც დასტურდება რეზი ნასიძისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.

"დღევანდელ პროცესზე დაიკითხნენ პატრულ-ინსპექტორები, რომლებიც გამოძახების საფუძველზე შემთხვევის ადგილზე იყვნენ გამოცხადებული. მათ სასამართლოს უამბეს თუ რა ვითარება დახვდათ შემთხვევის ადგილზე, როგორ გამოიყურებოდა ექიმი, რომელსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა განუცხადეს ადგილზე მყოფმა პირებმა, მათ შორის, ექიმმაც და ბრალდებულმა პირმაც და რა რეაგირება მოახდინეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ისინი უშუალო თვითმხილველები არ არიან ფაქტის, თუმცა ადასტურებენ იმ გარემოებებს, რომ ასეთ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი. შემთხვევიდან ძალიან მოკლე დროში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე და უშუალოდ ნახეს ექიმი, რომელსაც თვალის არეში დაზიანება აღენიშნებოდა და სისხლი მოსდიოდა. იქვე იმყოფებოდა რევაზ ნასიძეც, რომელიც მოწმეთა განმარტებებით, ადასტურებდა მის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს", - განაცხადა კალანდაძემ.

შემდეგი სასამართლო სხდომა 16 მაისს, 14:00 საათზე დაინიშნა.

რეზი ნასიძესა და ექიმ ნოე ბერიშვილს შორის ინციდენტი მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მოხდა, სადაც ნასიძე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მაღალი სიცხით შეიყვანა. სამედიცინო პერსონალის განმარტებით, კონფლიქტი პაციენტის საავადმყოფოში შეყვანიდან 13 წუთში დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

რამაზ საყვარელიძე - არც ხელისუფლება ჰგავს პოლიტიკის დიდოსტატს და არც ოპოზიცია, ამიტომ არც ისე იწვიმებს, როგორც ისმის რევოლუციის ჭექა-ქუხილი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2019
ვაჟა ბერიძე - მთავარი არა საარჩევნო სისტემაა, არამედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების და მეზობლების დამოკიდებულება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (იკაო) 75 წლისაა
გერმანელ ეკონომისტთა ჯგუფმა (GET) საქართველოს ფინანსური სექტორის მონიტორინგის პირველი ნაწილი წარადგინა
ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
ლიბერთი UN Women-ის ქალთა გაძლიერების პრინციპების გლობალურ ინიციატივას უერთდება
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჰოსპიტალური ბიზნესიდან გადის
გრძელვადიანი ბიუჯეტი – თბილისის მასშტაბური პროექტების დაცვა მმართველობის ცვლილებებისგან