გიგა ბოკერია - იმედია, გიორგი ქობულია მიიღებს ჩვენს შეთავაზებას პარლამენტში მოსვლასთან დაკავშირებით

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია იმედოვნებს, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი მიიღებს მათ შეთავაზებას პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით და მეტ დეტალს გაამხელს იმაზე, თუ რა პროცესები ვითარდება ხელისუფლებაში.

როგორც ბოკერიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, კარგი იქნება, თუ განმარტებას გააკეთებს იმაზე, რომელ კონკრეტულ პროექტებს უკავშირდება უთანხმოება და არის თუ არა ამ პროექტებს შორის ანაკლია.

„მე ქობულიას შეხედულებების არანაირი თაყვანისმცემელი არ ვარ. პირიქით, არ ვეთანხმებოდი და ის პოზიციები, რომელიც მას პერსონალურად ჰქონდა დაფიქსირებული და სრულ თანხვედრაში იყო მაშინ „ქართული ოცნების“ პოზიციასთან, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია, მაგრამ ეს არ ცვლის მეორე პრობლემას, როგორ, რანაირად, რა კრიტერიუმებით ხდება ადამიანების მოყვანა, გათავისუფლება. ახლა ბატონი ქობულია თუ დაეთანხმება ჩვენს შეთავაზებას, რომ პარლამენტს წარუდგეს და მოგვიყვეს ამ საკითხების შესახებ უფრო მეტი - უკავშირდება თუ არა მისი გაშვება პროექტებს, მაგალითად „თიბისი ბანკს“. ივანიშვილი მთელი თავისი სახელმწიფო ინსტიტუტებით, რა უკანონო მეთოდებით თავს დაატყდა ერთ-ერთ კონგლომერატს და მძიმე დარტყმა მიაყენა, როგორც ამ ადამიანებს, ისე ქართულ ეკონომიკას. ეს ის თამაშის წესებია, რომელიც ჩვენს წინსვლას რბილად რომ ვთქვათ, უკან ხევს. ამაზე უნდა გვესაუბროს თუ შეუძლია“, - განაცხადა ბოკერიამ.

რაც შეეხება უშუალოდ ანაკლიის პორტის თემას, ბოკერიას თქმით, ოპოზიცია ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, რათა თემამ აქტუალობა არ დაკარგოს და საკითხს ნათელი მოეფინოს.

„კომისიის საკითხი გვაქვს დაყენებული, უბრალოდ არ გამოაქვთ კენჭსყრაზე. ახალი ამბების ციკლი არსებობს და ივანიშვილის გუნდის ერთ-ერთი იარაღი ის არის, რომ იმდენი ცუდი და მავნებლური ამბავი ხდება, რომ ამ ნაკადს მიაქვს ყველაფერი და ფოკუსირება იკარგება ხოლმე. მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ ფოკუსის დაკარგვას. გამოვიყენებთ ყველა დემოკრატიულ ინსტრუმენტს, რაც ჩვენს ხელთაა. ჩემი შეხედულებაა, რომ ეს და ყველა სხვა ბევრი პრობლემა ვერ გადაწყდება, სანამ ამ ტიპის ხელისუფლება გვყავს და არ გადავირჩევთ. როგორც არ უნდა წავიდეს ახლა პროცესები, რადგან ახლა შეიძლება გაირკვეს ანაკლია იყო მთავარი სამიზნე თუ „თიბისის“ ცენტრალური ფიგურები და რომც გაირკვეს, რომ ანაკლია არ იყო სამიზნე, ეს არსებითად არ ცვლის იმ პრობლემას, რომელიც დავინახეთ, რომ კანონის უზენაესობა არ არსებობს და ივანიშვილის პოლიტიკური, ეკონომიკური ეჭვინობის ან სხვა ტიპის დღის წესრიგის შედეგად ადვილად შესაძლებელია დაიწყოს კამპანია, მერე ჩაერთოს ამაში ერთი სახელმწიფო ინსტიტუტი - პროკურატურა, მერე მეორე - ეროვნული ბანკი, მერე სოციალურ ქსელებში შავი ტალახის მანქანა და ყოველგვარი ანგარიშვალდებულების გარეშე ისეთი დარტყმა მიაყენონ ასეთ ძლიერ ეკონომიკურ მოთამაშეს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო