საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არბიტრაჟის სფეროში პროფესიული უნარების განვითარების ხელშესაწყობად შეხვედრას გამართავს

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) ორგანიზებით, 8 მაისს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, გაიმართება ღონისძიება, სადაც საარბიტრაჟო დავის წარმოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს - პროცედურული კონფერენციის, პროცედურულ საკითხთა შესახებ დადგენილებასა და მათ შედეგებს განიხილავენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სავაჭრო-სამრეწველო პალატიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაში პრაქტიკოსი იურისტები, პოტენციური არბიტრები, ადვოკატები და მხარეთა წარმომადგენლები ჩაერთვებიან, რომლებსაც გამოცდილებას საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრთან ერთად, წამყვანი იურიდიული ფირმებისა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები გაუზიარებენ. ღონისძიება იმართება ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) მხარდაჭერით.

სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი მიზანი, არბიტრაჟის სფეროში პროფესიული უნარების განვითარების ხელშეწყობაა. ღონისძიებაზე წარადგენენ ასევე, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის მიერ შედგენილი დოკუმენტის ნიმუშს- „საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილება“ და ისაუბრებენ მის მნიშვნელობაზე.

საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ხელმძღვანელის ბექა ინჯიას განცხადებით, არსებობს იმის ამბიცია, რომ რეგიონში ქვეყანა საარბიტრაჟო ჰაგი იყოს, თუმცა ამისთვის მაღალი კვალიფიკაცია და კომპენტენციაა საჭირო.

„ძალიან თვალსაჩინო შედეგი გვაქვს ქვეყანაში არბიტრაჟის ინსტიტუტის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიმართულებით. ბიზნესში ნდობა იმატებს და დავების გადასაწყვეტად სასამართლოს ალტერნატივას უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ. უნდა აღინიშნოს, რომ არბიტრაჟის შესახებ კანონში შესულმა ცვლილებებმა და სახელმწიფოს ღია მხარდაჭერამ ხელი შეუწყო ბიზნეს სუბიექტებში ამ სფეროსადმი ნდობის ამაღლებას. თუმცა, სასურველ შედეგამდე კიდევ დიდი გზაა და ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარება გრძელვადიანი პროცესია. გვაქვს ამბიცია ვიყოთ საარბიტრაჟო ჰაბი რეგიონის ქვეყნებში, თუმცა ამისთვის საჭიროა მაღალი კვალიფიკაცია და კომპეტენცია ამ სფეროში. ჩვენი სამუშაო შეხვედრა სწორედ პოტენციურ არბიტრებში პროფესიული უნარებისა და კომპეტენციის ხარისხის გაზრდას ემსახურება“, - აცხადებს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ხელმძღვანელი ბექა ინჯია.

მისივე თქმით, მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ცენტრი პერმანენტულად მართავს.

შეგახსენებთ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი, დაფუძნებულია წამყვანი საერთაშორისი საარბიტრაჟო ინსტიტუტების მოდელების გათვალისწინებით და მისი ძირითადი მიზანია დავების გადაწყვეტის ნეიტრალური, ეფექტური და მოქნილი ალტერნატიული მექანიზმების ჩამოყალიბება. საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესები შემუშავებულია არბიტრაჟის ექსპერტთა და პრაქტიკოსთა საერთაშორისო კომისიის მიერ და აერთიანებს ახალ ტენდენციებს საარბიტრაჟო სფეროში და უკვე აპრობირებულ დებულებებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს მხარეთა მოთხოვნებს. საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესები, იძლევა საშუალებას მსოფლიოს ნებისმიერი ენა და ქვეყანა აირჩეს დავების განსახილველად.

სავაჭრო-სამრეწველოს შეფასებით, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი არის პირველი და ერთადერთი საარბიტრაჟო ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც არ არის ორიენტირებული მოგებაზე. საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის სტრუქტურული ორგანოებია გამგეობა, საარბიტრაჟო საბჭო და სამდივნო. გამგეობა გადაწყვეტილებებს იღებს საარბიტრაჟო ცენტრის წესდებით ზუსტად განსაზღვრული საკითხების შესახებ და მონაწილეობას არ იღებს დავის გადაწყვეტის პროცესში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა