გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ მათი კანდიდატის პლაკატებს მმართველი პარტიის მხარდამჭერები აზიანებენ

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ მათი კანდიდატის პლაკატებს მმართველი პარტიის მხარდამჭერები აზიანებენ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს ხუთ მაისს პოლიციამ და ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ხელი შეუშალეს პლაკატების გაკვრაში, რაც, მისივე მტკიცებით, კანონდარღვევაა. გარდა ამისა, მან ჟურნალისტებს ვიდეო მასალები წარუდგინა და შესაბამის ორგანოებს ამ ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

„5 მაისს გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის მხარდამჭერი ახალგაზრდები აკრავდნენ პლაკატებს, როდესაც მათ მიუვარდნენ უცნობი პირები, იმისთვის, რომ მათთვის ხელი შეეშალათ, ასევე ძალიან მალე ადგილზე გამოცხადნენ ქალაქის პოლიცია და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. ისინი ასევე ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ახალგაზრდებისთვის აღნიშნული პლაკატების გაკვრაში. ამავდროულად, "ქართული ოცნების" აქტივისტები ფაქტობრივად მთელ ქალაქში ახდენენ ჩვენი კანდიდატის პლაკატებზე საკუთარი კანდიდატის პლაკატის გადაკვრას და სანდრა რულოვსის პლაკატის ჩამოხევას, რაც არის კანონის დარღვევა და ამაში მათ ეხმარებიან მერიის თანამშრომლები, ისევე, როგორც პოლიცია. მე მოვუწოდებ ივანიშვილს, რომ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ ნუ ახდენს ყველა ინსტიტუტის პოლიტიზირებას“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

მისივე ინფორმაციით, სოფელ ინგირში მათი კანდიდატის პლაკატი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა თენგო აბულაძემ ჩამოხია.

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ პლაკატების ჩამოხევა მიუღებელია, თუმცა ამბობენ, რომ მათ არ სჯერათ იმ კადრების, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის მტკიცებით, სანდრა რულოვსის პლაკატი, მმართველი პარტიის მხარდამჭერმა თენგო აბულაძემ ჩამოხია.

„რა მონტაჟზეა საუბარი და რა დაამონტაჟა „რუსთავი 2“-მა თავის დამქაშებთან ერთად, მე არ ვიცი. რაც შეეხება თენგო აბულაძეს, ის არის ჩემი თანამებრძოლი. არ ვიცი რა კადრები გაავრცელეს, მაგრამ ვიცი, რომ თენგო ამას არ გააკეთებდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იცოდეს, თავისუფლად რომ დადიან ქუჩაში, „ქართული ოცნების“ და ჩვენი შტაბის დამსახურებაა“, - განაცხადა საარჩევნო შტაბის წევრმა ლაშა გვასალიამ.

გვასალიას თქმით, მათი კანდიდატის პლაკატებიც მასიურად ჩამოხეულია და შესაბამის კადრებს, თუ ვინ აკეთებს ამას, ისინი მალე გაავრცელებენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა