ევროპის დღეების ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უფროსკლასელებსა და სტუდენტებს შეხვდება

8 მაისს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, სემინარი - „ახალგაზრდა ევროპელი ელჩები“ - გაიხსნება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ორდღიანი სემინარი ევროპის დღეების ფარგლებში იმართება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ უფროსკლასელები და სტუდენტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილი სემინარის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწმიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და USAID-ის წარმომადგენელი.​

„სემინარის მიზანია ახალგაზრდებისთვის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის, ამ მიმართულებით არსებული მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მნიშვნელოვანია, რომ სემინარზე მიღებულ პრაქტიკულ ცოდნას მონაწილეები გამოყენებენ დაგეგმილ პროექტებში, რაც მიზნად ისახავს ევროპული ინტეგრაციის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას.

პროექტში მონაწილეობენ ახალგაზრდები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. ისინი მოგვიანებით გახდებიან კომუნიკატორები თავიანთ რეგიონებში ევროინტეგრაციის საკითხებზე.

პროექტი ხორციელდება საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის, საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა“ (PITA) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით,“ - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა