ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდი ფიროსმანისადმი მიძღვნილი კრეათონის გამარჯვებული გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდი შემეცნებით-შემოქმედებითი სტუდენტური კონკურსის „კრეათონი – ფიროსმანი ციფრულ სივრცეში” გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა და ახალგაზრდებმა ფიროსმანის შემოქმედების ბაზაზე გრაფიკული დიზაინისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი ნამუშევრები ღია ცის ქვეშ წარმოადგინეს. ჟიურის გადაწყვეტილებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფური ნამუშევარი - ფიროსმანის შემოქმედების ინსპირაციით შექმნილი ციფრული ინსტალაციები საუკეთესოდ იქნა აღიარებული.

„კრეათონში პირველ ადგილზე გასული სტუ-ის გუნდი წარმოდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობით: თორნიკე დუნდუა (კაპიტანი), ნიკა კალანდარიშვილი, მათე კვირკვია სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან და დავით დოლიკაშვილი სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან.

პროექტში მონაწილის სტატუსით დარეგისტრირებულ სტუ-ის გუნდს ხელმძღვანელობდა სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ბიზნესის ადმინისტრირების მეცნიერებათა დოქტორი მაია ბენია.

ფიროსმანის შემოქმედების თემატიკაზე შექმნილი გუნდური გრაფიკული ვერსიები კი, რომელიც სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტმა თეო გეგეშიძემ და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა ანი ხვედელიძემ ერთობლივად წარმოადგინეს, სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.

სტუდენტური საგანმანათლებლო შემეცნებითი კონკურსი „კრეათონი - ფიროსმანი ციფრულ სივრცეში“ 6 მაისს დასრულდა. ეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინიცირებული პროექტის პირველი ღონისძიება იყო, რომლის კონცეფცია ფიროსმანის შემოქმედებაზე დაფუძნებული თემატური კულტურული ტურისტული მარშრუტის შექმნას გულისხმობს,“ - ნათქვამია უნივერსიტეტის ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს