ლევან ალაფიშვილი - სუს-ის ქმედება არალოგიკურია, თქვა, რომ იყო ტერაქტის მომზადების მცდელობა და რეაგირებას ვერ ვხედავთ

გონივრული განსჯისა და ლოგიკის მიღმაა ის, რაც დღეს გააკეთა სუს-მა. თქვა, რომ იყო ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობა და რეაგირებას ვერ ვხედავთ, - ამის შესახებ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შეფასებისას განუცხადა.

მისი განცხადებით, ეს ყველაფერი პანკისის მოვლენებს უკავშირდება. იურისტმა საგამოძიებო ორგანოებს სიფრთხილისკენ მოუწოდა

„აუცილებელია იმ კონტექსტის აღნიშვნა, რომელიც პანკისთან არის დაკავშირებული. იმ ცნობილი ინციდენტის დროს, მალხაზ მაჩალიკაშვილი დროებით დაკავებული ჰყოლიათ კიდეც. აი, ამ კონტექსტის გათვალისწინებით, არა მხოლოდ სუს-ს, შსს-ს, არამედ ყველას მეტი პასუხისმგებლობისა და სიფრთხილისკენ მოვუწოდებ. სიფრთხილე სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თუკი კანონდარღვევა არის, არ მოხდეს მისი პრევენცია, ან მასზე რეაგირება.

რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, არც მე და ძალიან ბევრმა მოქალაქემ არ იცის ის ენა, რომელ ენაზეც აღნიშნულ ჩანაწერში საუბრობენ. იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიება მიმდინარეობს და საგამოძიებო უწყება ამბობს, რომ სხვა ჩანაწერებიც არსებობსო, თუკი ეს ასეა, ამ შემთხვევაში გონივრული განსჯისა და ლოგიკის მიღმაა ის, რაც დღეს გააკეთეა სუს-მა. რა თქვა ამით, რომ იყო ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობა და გაასაჯაროვა ინფორმაცია? პრევენცია მოახდინა ამით? ვერა, ეს ვერ მოახდინა. კანონდარღვევა სახეზეა, რეაგირებას ვერ ვხედავთ. თუკი პოლიციელზე თავდასხმა არის კანონდარღვევა, თბილისში იქნება ეს ჩადენილი თუ პანკისში, როგორც ჩანს ერთნაირად არ ისჯება,“- განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას იურისტმა ორ შესაძლებლობაზე მიუთითა. მისი თქმით, თუკი სუს-მა მართლაც აღკვეთა მაჩალიკაშვილის განზრახვა და ამის მიუხედავად, მისი დაკავება არ ხდება, შესაძლოა საქმე ეხებოდეს შერჩევით სამართალს. ხოლო მეორე მხრივ, მისივე განმარტებით, შესაძლოა, მალხაზ მაჩალიკაშვილს დანაშაულთან შემხებლობა არ ჰქონდეს და აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება საზოგადოებაში ირაციონალური შიშების გაღვივებას ისახავდეს მიზნად.

„სუს-ის ქმედება ორ შესაძლებლობაზე მიუთითებს. ერთი, რომ მავანისთვის კანონდარღვევა შესაძლოა მისატევებელი იყოს, ხოლო სხვა შემთხვევაში - არა და მეორე - კანონდარღვევა შესაძლოა სახეზე საერთოდ არ იყოს, მაგრამ იქმნებოდეს იმიტაცია, რაღაც კონკრეტული არცთუ სახელმწიფოებრივი მიზნის მისაღწევად, ქმნიან ილუზიას რაღაც ირაციონალური შიშებისთვის. ერთიც და მეორე შემთხვევაც უკავშირდება პანკისში ბოლო პერიოდში გამწვავებულ თემას,“ - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.

ვიტალი ბალა - დარწმუნებული ვარ, რომ პუტინთან შეხვედრის შემდეგ ზელენსკი რუსეთის პრეზიდენტთან მიმართებაში ვარდისფერ სათვალეებს მოიხსნის
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2019
თემურ გოჩიტაშვილი - TANAP-ის ამოქმედების შედეგად საქართველო საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა
ბექა ინჯია - მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არბიტრაჟისა და მედიაციის ინტიტუტების სტანდარტები საქართველოში მსხვილ ინვესტორთა მოთხოვნებს პასუხობდეს
ქართული USB კაბელი ტენე, მალე მეორადი ნარჩენებისგან დამზადდება