პარლამენტის თავმჯდომარემ „გერმანული ენის თვე 2019“ გახსნა

„გერმანულმა ენამ ბევრ ქართველ ახალგაზრდას გაუხსნა გზა ევროპული განათლების მიღებისკენ,“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გერმანული ენის თვის საზეიმო გახსნაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, პროექტი, რომელიც გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის საელჩოების ორგანიზებით, წელს უკვე მეშვიდედ იმართება, ირაკლი კობახიძემ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ჰუბერტ კნირშმა, ავსტრიის რესპუბლიკის ელჩმა, არად ბენკომ და შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა, პატრიკ ფრანცენმა გახსნეს.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გერმანული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გერმანული ენა საქართველოში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. მისივე თქმით, გერმანული ენის ფლობამ ბევრ ქართველ ახალგაზრდას გზა გაუხსნა ხარისხიანი ევროპული განათლებისა და შესაბამისად, ფართო შესაძლებლობებისკენ.

ირაკლი კობახიძემ გერმანიასთან, ავსტრიასა და შვეიცარიასთან არსებულ მჭიდრო ურთიერთობასა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, გერმანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისა და გერმანისტების გამორჩეულ როლზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა განსაკუთრებული წვლილი, რომელიც მთარგმნელებს საზღვარგარეთ ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციასა და ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, მნიშვნელოვანი წარმატებების მოპოვების საქმეში შეაქვთ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, გერმანული ენის თვის აღსანიშნავი პროგრამა საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანია.

ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ყოველწლიური ინიციატივა გერმანული ენის შესწავლისა და გერმანულენოვანი ქვეყნების კულტურის გაცნობის სურვილს კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას გაუჩენს.​

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო