დიმიტრი შველიძე - ე. წ. „უკვდავი პოლკი“ ცუდი იდეაა, თუ ვინმეს ეს იდეა აწუხებს, უნდა გააცნობიეროს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეა და   სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებები აქვს

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი" ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, თსუ-ს პროფესორს დიმიტი შველიძეს ესაუბრა.

- ბატონო დიმიტრი, წლევანდელ 9 მაისს მეორე მსოფლიო ომის დასრულებისა და ფაშიზმის დამარცხების 74-ე იუბილე აღინიშნება. იმის გათვალისწინებით, რომ ამ საქმეში საბჭოთა საქართველოსაც აქვს მიღებილი საკმაოდ ღირსეული მონაწილეობა, ეს თარიღი ჩვენში ტრადიციულად აღინიშნება.

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ინიციატივით რუსეთში 9 მაისის „უკვდავი პოლკის“ მარშით აღნიშვნას ჩაეყარა საფუძველი და ამ თარიღით კრემლმა დაუფარავად დაიწყო სსრკ-ს ყოფილი მოქალაქეების ერთიანობის სიმბოლოდ მიჩნევაცა და განხილვაც, სსრკ-ს ყოფილ რესპუბლიკებში ამ თარიღისადმი დამოკიდებულება საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში აშკარად შეიცვალა.

ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არც საქართველოა. რადგან ეს თემა მაისის თვის დასაწყისში აქტუალური ხდება, თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულება ამ თარიღისადმი და სავარაუდოდ, როგორ უნდა აღინიშნებოდეს იგი?

- ეს თარიღი გუშინ არავის გამოუგონია. ქართველობამ ბევრი სისხლი გაიღო მეორე მსოფლიო ომში. გვინდოდა თუ არ გვინდოდა - გვაომეს. ახლა ვინმეს თუ უნდა რომ ომი, რომელიც 300 000 ადამიანის მხვერპლად დაუჯდა საქართველოს - ხალხმა დაივიწყოს - ტყუილუბრალოდ ირჯება. ვინც მომხრეა აღნიშნოს თარიღი და ეზეიმება, აღნიშნოს და იზეიმოს, ოღონდ კანონის ფარგლებში.

რაც შეეხება ე. წ. „უკვდავი პოლკს“- ცუდი და მიუღებელი იდეაა. ის საქართველოში არავის არ ჭირდება. თუ ვინმეს ეს იდეა აწუხებს, უნდა გააცნობიეროს რომ დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეა და მას აქვს ვალდებულებები საკუთარი სახელმწიფოს წინაშე.

ქართველობამ ბევრი სისხლი გაიღო მეორე მსოფლიო ომში. გვინდოდა თუ არ გვინდოდა - გვაომეს. ახლა ვინმეს თუ უნდა რომ ომი, რომელიც 300 000 ადამიანის მხვერპლად დაუჯდა საქართველოს - ხალხმა დაივიწყოს - ტყუილუბრალოდ ირჯება. ვინც მომხრეა აღნიშნოს თარიღი და ეზეიმება, აღნიშნოს და იზეიმოს, ოღონდ კანონის ფარგლებში

„უკვდავი პოლკის“ პროექტი უცხო ქვეყნის პროექტია და მისი მექანიკური გადმონერგვა საქართველოში ეწინააღმდეგება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს. მორჩა და გათავდა. პუტინმა თუ უნდა იულიუს კეისრის მეათე ლეგიონის აღლუმი ჩაატაროს - მისი საქმეა და არა - ჩვენი.

ამ თარიღის სრულიად უგულებელყოფა კი სრული უზნეობაა. მაშინდელი „საბჭოთა საქართველო“ - მარიონეტული, მაგრამ მინიმალური სახელმწიფო ერთეული იყო. იურიდიულად, საქართველო, როგორც საბჭოთა იმპერიული ფედერაციის წევრი-ქვეყანა, ანტიჰიტლერული კოალიციის მოკავშირე ქვეყანა იყო და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ღირსეული წვლილი შეიტანა მსოფლიო ბოროტების დამარცხებაში.

სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ დაარეგულიროს ვითარება კანონის საფუძველზე. თუ ამას გააკეთებს, ყველაფერი მოგვარდება. თუ მიუშვებ მოვლენებს თავის ნებაზე - სულ ალიაქოთი, მუდმივი შფოთი, არასტაბილურობა და ქაოსი იქნება

ჩვენი სახელოვანი წინაპრები მარტო აღმოსავლეთის ფრონტებზე კი არ იბრძოდნენ არამედ - საფრანგეთში, იტალიაში, იუგოსლავიაში, პოლონეთში, ავსტრიაში და სად არა. დავივიწყოთ? ეს ჩვენი ისტორია.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ უკანასკნელ წლებში რუსული „რბილი ძალის“ გააქტიურება საქართველოში სულ უფრო შესამჩნევია და კრემლი ახერხებს თავისი მესიჯბოქსებით საზოგადოების გარკვეული ნაწილის კონსოლიდირებას.

ცხადია, რომ ამის ნაწილად მიიჩნევა 9 მაისის „უკვდავი პოლკის“ მარშით აღნიშვნაც. რამოდენიმე დღის წინ ბელორუსმა ქალაქ ვიტებსკში ამ ღონისძიების ე.წ. გიორგიევსკის ლენტებით აღნიშვნა აკრძალა. ცნობილია, რომ ამ დღეს აქტიურდებიან „რუსული სამყაროს“ მსურველნი და მიმდევრები არა მარტო ბალტიის ქვეყნებში, არამედ ყაზახეთის ჩრდილოეთ რეგიონებში, რომელსაც რუსეთი დღემდე თავის ნაწილად მიიჩნევს.

თქვენი აზრით, ადამიანები, რომლებიც გეგმავენ ე.წ. „უკვდავი პოლკის“ მარშში მონაწილეობის მიღებას, ან პროპაგანდას ეწევიან მარშის სასარგებლოდ, არა აქვთ გაცნობიერებული რომ კრემლის შორსმიმავალ პროპაგანდისტულ თამაშებში მონაწილეობენ, თუ სავარაუდოდ, რასთან გვაქვს საქმე?

- იცით რა, ყველაფრის საზოგადოებისათვის და მოსახლეობისათვის გადაბარება არ შეიძლება. როგორც ჩანს, XXI საუკუნე ინდივიდუალური თავისუფლების ეპოქა იქნება. სამნახევარმილიონიან ქვეყანაში ყოველთვის აღმოჩნდებიან რაიმეს მომხრენი და რაიმეს მოწინააღმდეგენი.

არა მგონია, რომ 19 მაისის არჩევნების შედეგებმა ან მაჩვენებლებმა რაიმე პროგნოზირების საშუალება მოგვცენ 2020 წლის არჩევნების

სახელმწიფო იმისთვის არსებობს რომ დაარეგულიროს ვითარება კანონის საფუძველზე. თუ ამას გააკეთებს, ყველაფერი მოგვარდება. თუ მიუშვებ მოვლენებს თავის ნებაზე - სულ ალიაქოთი, მუდმივი შფოთი, არასტაბილურობა და ქაოსი იქნება.

მე არ ვიცი ქალაქის მერიამ თუ სხვა შესაბამისმა სტრუქტურამ გასცა თუ არა ნებართვა 9 მაისის აქციის ჩატარებაზე ე. წ. „უკვდავი პოლკის“ ეგიდით. თუ გასცა - უნდა ჩატარდეს და ეს იმას ნიშნავს რომ მერიაში კარგად ვერ ერკვევიან სახელმწიფო ინტერესების ცნებაში.

თუ არ დაუშვა ამგვარი აქცია - ბარაქალა მას, კარგად მოქცეულა. ცნობისათვის, საქართველოს პირველ რესპუბლიკის პერიოდში, ვიღაც-ვიღაცებს ციხეში სვამდნენ იმისათვის რომ ნიკოლოზ მეორეს მისტიროდნენ და ქუჩაში „ბოჟე ცარია ხრანის“ მღეროდნენ.

- საშინაო პოლიტიკის აქტუალური თემა გახლავთ მოახლოებული არჩევნები. ზუგდიდში, მთაწმინდასა და მარნეულში 19 მაისისთვის დაგეგმილი არჩევნების საშინაო პოლიტიკაში პროცესები აშკარად დაჩქარებულია.

დამკვირვებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 19 მაისის არჩევნებზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იტესტება. გასაგებია, რომ სწორედ ამიტომ ანიჭებენ არჩევნებში ჩართული პოლიტიკური ძალები მოხლოებულ არჩევნებს დიდი მნიშვნელობას და არჩევნებისთვის იხარჯება უამრავი ფინანსური და ორგანიზაციური რესურსი. თქვენ როგორ შეაფასებდით 19 მაისის არჩევნების წინ ქვეყანაში არსებულ ვითარებას?

ხელისუფლება უბრალოდ არ დაუშვებს ან მხოლოდ ერთ რეგიონში დაუშვებს დამარცხებას, რადგან საერთო დამარცხებამ შეიძლება მისი წასვლა მომავალ არჩევნებამდე დააჩქაროს

- არა მგონია რომ 19 მაისის არჩევნების შედეგებმა ან მაჩვენებლებმა რაიმე პროგნოზირების საშუალება მოგვცენ 2020 წლის არჩევნების. ხელისუფლების რესურსის რეალიზება ბევრად უფრო ადვილი იქნება სამიოდე რაიონში, ვიდრე 2020 წელს - მთელი ქვეყნის მასშტაბის არჩევნებში.

თუ „ოცნება“ “ნაციონალების” მსგავსად მოქმედებს, ალბათ იმიტომ რომ მისი მხრიდან რაიმე სახის კომპრომისი „ნაციონალებთან“ გამორიცხულია

შესაძლოა რომ ოპოზიციას უფრო მეტი შანსი ჰქონდეს, რომ ზუგდიდში გაიყვანოს თავისი კანდიდატი. საერთოდ კი, ხელისუფლება უბრალოდ არ დაუშვებს ან მხოლოდ ერთ რეგიონში დაუშვებს დამარცხებას, რადგან საერთო დამარცხებამ შეიძლება მისი წასვლა მომავალ არჩევნებამდე დააჩქაროს.

- დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი საკმაოდ ხისტად მოქმედებს. ასე იყო კონსტიტუციის მიღებისას, მოსამართლეთა დანიშვნის წესზე კანონის მიღებისას და ოპოზიციის მოთხოვნის პასუხად 2020 წელს არჩევნები ჩატარდეს მხოლოდ პროპორციული წესით.

კითხვაზე თუ რატომ არ ცდილობს მმართველი გუნდი ჰქონდეს ოპოზიციასთან შედეგიანი დიალოგი ფსიქოლოგმა და პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „არც სააკაშვილს ეგულებოდა სერიოზული კონკურენტი ვიდრე ივანიშვილი ბოლოს არ გამოჩნდა, ახლა არც „ოცნებას“ ეგულება, ამიტომ ემსგავსებიან ისინი ერთმანეთს“. თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ „ოცნება“ პრაქტიკულად „ნაციონალების“ მსგავსად მოქმედებს?

- ვერ გეტყვით რამდენად გვანან „ოცნება“ და ოპოზიცია ან „ოცნება“ და “ნაციონალები” ერთმანეთს. ისინი ძირეულად განსხვავებული პოლიტიკური ჯგუფები არიან და მათი გაიგივება ხელოვნურია ან ზედაპირული.

ერთადერთი ვისთანაც „ოცნებამ“ შესაძლოა რაიმე სახის კომპრომისი სცადოს - „ევროპული საქართველოა“, მაგრამ თუ ასეთი რამ შესაძლებელია, ამის დრო ჯერ არ დამდგარა, ჯერ „ოცნებას“ არ უჭირს

სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, “ნაციონალები” იდეოლოგიურად შეკრული პარტიაა, მიუხედავად მისი ღირსებებისა თუ ნაკლოვანებებისა. “მეოცნებებს” სხვა პრაგმატული ღირებულებები აერთიანებთ. რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, გარდა „ევროპული საქართველოსი“, მათი შესაძლებლობები ფრიად შეზღუდულია.

„ოცნების“ ხელისუფლებას ჯერ არ ეჩქარება. თუ ის “ნაციონალების” მსგავსად მოქმედებს, როგორც ბატონი რამაზ საყვარელიძე აღნიშნავს, ალბათ იმიტომ რომ მისი მხრიდან რაიმე სახის კომპრომისი „ნაციონალებთან“ გამორიცხულია.

მიუხედავად დიდი ხმაურისა, ხმები „ოცნების“ გარდაცვალების შესახებ, გადაჭარბებულად მეჩვენება

სხვებთან კომპრომისს აზრი არა აქვს, მათი სისუსტის გამო. ერთადერთი ვისთანაც „ოცნებამ“ შესაძლოა რაიმე სახის კომპრომისი სცადოს - „ევროპული საქართველოა“, მაგრამ თუ ასეთი რამ შესაძლებელია, ამის დრო ჯერ არ დამდგარა, ჯერ „ოცნებას“ არ უჭირს.

იქნებ ოპოზიციას გაუტკბა კიდეც მუდმივ ოპოზიციაში ყოფნა. ბედის ირონიით, პოლიტიკა კარგი საშუალებაა კეთილდღეობისათვის როგორც ხელისუფლებისათვის, ისე ოპოზიციური ელიტისთვისაც

ისე კი, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყო, მიუხედავად დიდი ხმაურისა, ხმები „ოცნების“გარდაცვალების შესახებ, გადაჭარბებულად მეჩვენება. მათ ისეთი ურჩხულის ხატის შექმნა მოახერხეს „ნაციონალების“ სახით ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობის წარმოსახვაში, რომ თუ ძალიან არ მოინდომებენ „ნაციონალები,“ უახლოეს წლებში მათი მოსვლა ხელისუფლებაში პრობლემატური იქნება.

- თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებში მონაწილე ძირითადი პოლიტიკური ძალების მოქმედებას, საარჩევნოდ ტაქტიკასა თუ სტრატეგიას?

- მათ სტრატეგიას და ტაქტიკას სიახლე არ ეტყობა. მარტო „ოცნების“ უქნარობაზე აპელირება ახალ ამინდს ვერ ქმნის. გარდა ამისა, „ნაციონალებს“ და „ევროპელებსაც“ ბრალი ედებათ, ყოველ შემთხვევაში - მოსახლეობის უმრავლესობის თვალში - ეროვნული ღირებულებებისადმი ნიჰილისტურ დამოკიდებულებაში.

პირველი „მიუმხრობლობა“ ჩაიშალა და არა იმიტომ, რომ მაშინდელი ქართველი პოლიტიკოსები სუსტები იყვნენ, არამედ იმიტომ რომ მაშინდელი საერთაშორისო კონტექსტი საქართველოს ნეიტრალიტეტის არსებობას გამორიცხავდა

არ ვიცი ვინმე ფიქრობს ამის შესახებ მათში. ან იქნებ გაუტკბათ კიდეც მუდმივ ოპოზიციაში ყოფნა. ბედის ირონიით, პოლიტიკა კარგი საშუალებაა კეთილდღეობისათვის, როგორც ხელისუფლებისათვის, ისე ოპოზიციური ელიტისთვისაც.

- „პატრიოტთა ალიანსი“ მიიჩნევს, რომ საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე „მიუმხრობლობის“ პოლიტიკა უნდა გაატაროს. იმ საერთაშორისო კონტექსტის გათვალისწინებით, რაც ახლა ჩვენს ირგვლივ ხდება, თქვენი აზრით, რამდენად გონივრული და რაც მთავარია სასარგებლოა ჩვენში ამაზე საუბარი?

- ეს იდეა „არ ახალია“. პირველად 1918 წლის 26 მაისს გახმიანდა, როცა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ მესამე პუნქტში ჩაიწერა: „საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“.

„პატრიოტთა ალიანსმა“ თავისი უტოპიის რეალიზება საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის მოთხოვნით უნდა დაიწყოს და თუ ამ მიმართულებით საოცრება მოხდა, მაშინ ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას მათ აქციებში

მითხარით, რანაირი ნეიტრალიტეტი იყო, როცა 1918 წლის ნოემბრამდე ჯერ ჩვენი მოკავშირე-მფარველი გერმანიის დივიზიები იდგნენ საქართველოში, ხოლო პირველი მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ანტანტის ჯარები შემოვიდნენ „ნეიტრალური“ სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

ასე რომ, პირველი „მიუმხრობლობა“ ჩაიშალა და არა იმიტომ რომ მაშინდელი ქართველი პოლიტიკოსები სუსტები იყვნენ, არამედ იმიტომ რომ მაშინდელი საერთაშორისო კონტექსტი საქართველოს ნეიტრალიტეტის არსებობას გამორიცხავდა.

- ამ თემაზე ფსიქოლოგმა და პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპორესნიუსს“ განუცხადა - „ისეთი დაძაბული საერთაშორისო ვითარებაა ჩვენს გარშემო, რომ ყოველ ნაბიჯზე ხაფანგია დაგებული და თუ გაები ხაფანგში, მარტოდ დარჩენილს არავინ დაგეხმარება“.

მიუხედავად იმისა, რომ „მიუმხრობლობის“ პოლიტიკის შუქ-ჩრდილებზე, იმაზე, რომ ამგვარი რამ პრაქტიკულად შეუძლებელიაცაა, ბევრი ითქვა, „პატრიოტთა ალიანსს“ უარი არ უთქვამს მის მიერ თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციებზე.

თქვენი დაკვირვებით, რას შეიძლება ნიშნავდეს „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ თავისუფლების მოედანზე „მიუმხრობლობის“ პოლიტიკის მხარდამჭერთა პერმანენტული აქციების დაანონსება?

- ვიმეორებ, ნეიტრალიტეტის თუ მიუმხრობლობის რეალიზება ერთ ქვეყანაზე არ არის დამოკიდებული. ამას არავითარი აქციები და შიმშილობები ვერ უშველის. ნეიტრალური სახელმწიფოები წამყვანი ქვეყნების რთული შეთანხმებებით იქმნება - ეს ერთი და მეორე - „პატრიოტთა ალიანსმა“ თავისი უტოპიის რეალიზება, საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანის მოთხოვნით უნდა დაიწყოს და თუ ამ მიმართულებით, ერთიც ვნახოთ და საოცრება მოხდა, მაშინ ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას მათ აქციებში.

კობა ბენდელიანი

“ინტერპრესნიუსი”

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს