საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მთავრობის ინიციატივაზე, რომლის თანახმადაც, განათლების სისტემის დაფინანსება მშპ-ს 6%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, შენიშვნები აქვს

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვით, განათლების სისტემის დაფინანსება მშპ-ს 6%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, წარმოდგენილი სახით არ მოსწონს და მასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს.

“საბიუჯეტო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით იმ დათქმით და პირობით დაუჭირა მხარი, თუკი მთავრობა მეორე მოსმენისათვის წარადგენს დეტალურ ანალიზს და კონკრეტულ ციფრებს, რა მიმართულებით რა ოდენობის თანხების დახარჯვა იგეგმება.

კანონპროექტი კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ დაიწუნა.

“თუ თქვენ მეორე მოსმენაზე ასეთი მომზადებით მოხვალთ, ეს კანონპროექტი აქ არ გავა! თქვენ უნდა მოხვიდეთ სლაიდებით, ციფრებით, სტრუქტურით, თუ სად წავა ეს ფული და ვის, სად მოხმარდება. მე პრემიერსაც დაველაპარაკები და ყველას ვეტყვი, რომ ჩვენ გვჭირდება ციფრები - ეს ციფრები როგორ იქნება გამოყენებული და რამდენად ეფექტური იქნება. მეორე მოსმენისათვის დაგვჭირდება ვიცოდეთ, თითოეული ლარი როგორ იქნება გამოყენებული, რადგან ბიუჯეტი არის შესაძლებლობების გამოყენება. ჩვენ რომ აქ 6%-ს ვიყენებთ, ვზღუდავთ დანარჩენ რესურსს. გასაგებია, რომ განათლება პრიორიტეტია. ეს პრემიერმა დაანონსა და ჩვენ მხარს დავუჭერთ, მაგრამ მეორე მოსმენაზე უნდა წარმოადგინოთ, თითოეული თეთრი, თითოეული ლარი, როგორ იქნება გამოყენებული“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

“საბიუჯეტო კოდექსს“ განათლების სისტემის დაფინანსებასთან დაკავშირებით ახალი, სპეციალური მუხლი ემატება და მასში იწერება, რომ სავალდებულოა სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი მომზადდეს და დამტკიცდეს იმგვარად, რომ ნაერთი ბიუჯეტის ფუნქციონალური კლასიფიკაციის მიხედვით განათლების სისტემის დაფინანსება არ იყოს დასაგეგმი წლისთვის პროგნოზირებული ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ზე ნაკლები.

კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2022 წლის პირველი იანვარი.

კანონპროექტის ავტორია მთავრობის ადმინისტრაცია და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა