ანა  ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატი - მოწინააღმდეგე მხარე ცდილობს, მოწმეებზე გავლენა მოახდინოს, რომ დავით ბაგრატიონმა პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს

ჩვენთვის ცნობილი გახდა გარემოება, რომლის თანახმადაც, ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის ახალი ადვოკატი ლევან მახარაშვილი ცდილობს დაიბაროს ის მოწმეები, რომლებსაც შესაძლოა, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკიზე ძალადობის საქმესთან ჰქონდეთ შეხება და მათ სასურველი ჩვენების მიცემას სთხოვს,- ამის შესახებ ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ადვოკატი განმარტავს, რომ ამის შესახებ მოწმემ თავად მოუყვა, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მისი ვინაობის გამხელისგან თავს იკავებს.

„იცით, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც იძიებს დავით ბაგრატიონის მხრიდან ანა ბაგრატიონზე შესაძლო ძალადობის ფაქტს. საზოგადოებამ ასევე იცის, რომ ამ საქმესთან ერთად გამოკითხულები არიან მოწმეები. ჩვენთვის ცნობილი გახდა გარემოება, რომლის თანახმადაც, ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის ახალი ადვოკატი ლევან მახარაშვილი, თავის ოფისში, მცხეთის ქუჩაზე, ცდილობს დაიბაროს ის მოწმეები, რომლებსაც შესაძლოა ამ საქმესთან დაკავშირებით ჰქონდეთ შეხება და იგი პირდაპირ სთხოვს მათ, მისთვის სასურველი ჩვენების მიცემას. საუბარია პირდაპირ მოწმეებზე და არა ირიბ მოწმეებზე, რაც თავი რომ დავანებოთ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს მის ამ ქმედებებში, მინიმუმ პროფესიული ეთიკიდან არის სრულად ამოვარდნილი. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია კონკრეტულად ასეთი პიროვნების შესახებ, რომელიც უკვე გამოკითხულია გამოძიების მიერ. ისევ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მის სახელს და გვარს ვერ დავასახელებ, თუმცა ეს არის პირდაპირი მოწმე, რომელიც საგამოძიებოში გამოკითხვამდე იმყოფებოდა ლევან მახარაშვილთან ოფისში, მცხეთის ქუჩაზე. მან კონკრეტულად მომიყვა ის დეტალები, როგორ მოხდა მისი დაბარება და რა იყო მათი მხრიდან მოთხოვნა", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ მოწმეს მოწინააღდეგე აშანტაჟებს.

„ამ ადამიანს ხშირად დებენ ბრალს, თითქოს მან დავით ბაგრატიონ-მუხრანელს წარსულში რაღაც მოპარა და ქურდობის ფაქტით ცდილობენ დაიყოლიონ მათთვის სასურველი ჩვენების მიცემაზე", - აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე თქმით, მოწინააღმდეგე მხარე წინასწარ თხოვდა წერილობითი ფორმით მიეღოთ ჩვენება, თუ რას განაცხადებდა საგამოძიებო ორგანოში. ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულმა პიროვნებამ წერილობითი ფორმით ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.

"მას შემდეგ რაც ვერ დაიყოლიეს ცრუ ჩვენების მიცემაზე, შემდეგ მოსთხოვეს, რომ ის მაინც ეთქვა, რომ ეს ფაქტები აღარ ახსოვს სიძველიდან გამომდინარე, რომ მისი საწინააღმდეგო ჩვენება არ მიეცა გამოძიებისთვის. საბოლოო ჯამში, რა ჩვენება მისცა მოწმემ ჩემთვის ცნობილი არ არის, რადგან მას გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი, თუმცა ფაქტია, რომ მოწინააღმდეგე მხარე ცდილობს, მოწმეებზე გავლენა მოახდინოს იმისთვის, რომ დავით ბაგრატიონმა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს", - განაცხადა ადვოკატმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო