სოციალური მომსახურების სააგენტო - ვერ გავიზიარებთ მოსაზრებას, რომ სოცმუშაკებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გზაში ხელფასის დიდი ნაწილი ეხარჯებათ

მოსაზრებას, რომ სოცმუშაკებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გზაში ხელფასის დიდი ნაწილი ეხარჯებათ, ვერ გავიზიარებთ - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურების სააგენტოში სოცმუშაკების იმ განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადეს, რომლის მიხედვითაც, მათ „გადაადგილების პრობლემაზე სტაბილურობის განცდა აღარ აქვთ.“

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, გადაუდებელი შემთხვევებისას მანქანის არყოლის გამო, არც ერთ სოცმუშაკს არ შექმნია პრობლემა.

„ბავშვზე ზრუნვის საკითხებთან დაკავშირებით მომართვებზე რეაგირებისათვის, მხოლოდ თბილისის მასშტაბით, სოციალური მომსახურების სააგენტოს აპრილის თვეში გამოყოფილი ჰქონდა 5 ავტომობილი. მათი განლაგება ქალაქში დამოკიდებული იყო მომართვების ლოკაციებზე. ავტომობილებს, ქალაქ თბილისის გზებზე მოძრაობის ინტენსივობისა და სირთულეების გათვალისწინებით, მისამართზე მისასვლელად, 40 წუთზე მეტი არ დასჭირვებია. არ შეცვლილა ავტოტრანსპორტის რაოდენობა მაისის თვეშიც და ანალოგიურად გაგრძელდება. კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით ვამბობთ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში გადაუდებელი შემთხვევებისას, არც ერთ სოცმუშაკს, იმის გამო,რომ მანქანა არ ჰყავდა და ამიტომ შემთხვევის ადგილზე გასვლა ვერ მოახერხა ან დააგვიანა, პრობლემა არ შექმნია. მოცემულ ეტაპზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებები საკმარისია ბავშვზე ზრუნვის საკითხებთან დაკავშირებით მომართვებზე რეაგირებისათვის. დამატებით, კიდევ განვმარტავთ, რომ ავტომობილები განკუთვნილია მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირებისათვის და იმ მისამართებზე ვიზიტისათვის, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისვლა ჭირს ან შეუძლებელია. ხოლო ზოგადად, თუ ტერიტორიული ერთეულის დონეზე მსგავსი ტიპის პრობლემა შეიქმნება, სოციალურ მუშაკს შეუძლია მიმართოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტს, რომელიც ოპერატიულად ჩაერთვება ამ პრობლემის გადაწყვეტაში.

თბილისის მასშტაბით მომუშავე სოციალურ მუშაკებს სააგენტო ნამდვილად უნაზღაურებს მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულებას, თვეში 20 ლარის ოდენობით. მუნიციპალური სატრანსპორტო ბარათის მფლობელი სოციალური მუშაკები, ასევე სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე შეღავათიანი ტარიფით. ნებისმიერი მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება, მათთვის, შეადგენს 20 თეთრს, რაც უზრუნველყოფს სოცმუშაკის 100-ჯერ გადაადგილებას. მოსაზრებას, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გზაში, ხელფასის დიდი ნაწილი ეხარჯებათ, ვერ გავიზიარებთ, რადგან, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სოციალურ მუშაკს, პრაქტიკულად, აღარ უწევს ტრანსპორტში თანხის გადახდა“, - ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, რეორგანიზაციის შედეგად სააგენტო სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდას გეგმავს. ასევე დაგეგმილია 2020 წლიდან ხელფასების ზრდაც.

„სოციალური მუშაკების რაოდენობის ზრდა, მათი რესურსების სწორად განაწილება,– ეს ის საკითხებია, რომლის მოწესრიგებასაც სოციალური მომსახურების სააგენტო რეორგანიზაციის შედეგად გეგმავს. იურისტების დამატება გათვალისწინებულია რეორგანიზაციის პერიოდში. ამჟამად, იურისტის პოზიციაზე მიმდინარეობს შესარჩევი კონკურსის პროცედურები, რომლის შედეგადაც, უახლოეს პერიოდში, 5 რაიონში დაინიშნებიან იურისტები. 14 რაიონში ვერ შეირჩა შესაფერისი კანდიდატი და შესაბამისად თავიდან გამოცხადდება საჯარო კონკურსი იურისტის ვაკანტურ თანამდებობებზე. ამასთან, საშტატო ცვლილებების შედეგად, ამ ეტაპზე სამ ტერიტორიულ ერთეულში დაემატებათ თითო ფსიქოლოგი, კერძოდ, თბილისში, იმერეთსა და აჭარაში. კანდიდატებმა უკვე გაიარეს ტესტირება და მომავალ კვირას დანიშნული აქვთ გასაუბრება. ჯამში, სააგენტოს უახლოეს მომავალში,19 იურისტი დაემატება. ხელფასის მომატება მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა, ამ თემას კომპლექსურად უნდა შევხედოთ. უბრალოდ, შეუძლებელი იქნება იმის საფუძველზე მოიმატოს ხელფასმა, თუ რამდენად მძაფრად იქნება გამოხატული პროტესტი. სააგენტოს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ბიუჯეტითაა განსაზღვრული, სააგენტოსთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის კერძო სექტორს ვერ შევედრებით, თუმცა, სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში არსებულ ანაზღაურებას მეტ-ნაკლებად შეესაბამება. რაც შეეხება ხელფასების ზრდას, ეს 2020 წლიდან იქნება შესაძლებელი,“ - აღნიშნულია სოციალური მომსახურების ააგენტოს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სოციალური მომსახურების სერვის ცენტრების ნაწილში სარემონტო-სამუშაოები დასრულებული, ნაწილში კი დაგეგმილია.

„ბევრ სერვის ცენტრში, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა და სოცმუშაკების სამუშაო გარემო რადიკალურად შეიცვალა. შენობები გახდა შშმ პირებისათვის სრულად დაპტირებული,დამონტაჟდა გათბობის და ვენტილაციის სისტემები,შეიქმნა სივრცეები კონფიდენციალური გასაუბრებებისათვის. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამცხე-ჯავახეთის სერვის ცენტრებს, კეძოდ, ახალციხესა და ბორჯომში, ადიგენში მალე ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გადმოგვცემს ფართს და იქაც დაიწყება რეაბილიტაცია. რაც შეეხება იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის სერვის ცენტრებს, სადაც მოთხოვნა იყო, ყველგან ჩატარდება რეაბილიტაცია, ტენდერი უკვე დასრულებულია და ვადების მიხედვით იწარმოება სამუშაოები. რაც შეეხება შიდა ქართლს, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლს, აქაც მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები. მაგალითად, ქარელში აქამდე არ გვქონდა ჩვენი ფართი, ახლა უკვე გადმოგვეცა და უკვე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. ანალოგიური მდგომარეობაა კახეთის რეგიონშიც. თბილისში უკვე დასრულდა გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის რეაბილიტაცია, ისანი-სამგორში კი მიმდინარეობს მცირე ზომის სარემონტო სამუშაოები. ჩვენ ეტაპობრივად ვახორციელებთ რეაბილიტაციას ყველგან, სადაც ჩვენი შენობა გაგვაჩნია და სადაც ამის საჭიროება არსებობს,“ - ნათქვამია სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა