პრემიერი - ვაგრძელებთ რეფორმებს, რათა საქართველო ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს გავუთანაბროთ, მათ შორის პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში

პერსონალური მონაცემების მაღალი სტანდარტებით დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ის აძლიერებს მოქალაქეების უფლებებსა და ზრდის ნდობას მთავრობის მიმართ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროპის მონაცემთა დაცვის ადმინისტრაციების 29-ე კონფერენციის გახსნისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან ძალისხმევას, რომელიც მიმართულია საქართველოს რეგიონულ ცენტრად გადაქცევისკენ.

"ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ენდობიან და ინტერესდებიან საქართველოთი, რადგან საქართველო აგრძელებს რეგიონულ ცენტრად წარმოჩინებას მსხვილი საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძლობის კონტექსტში. თუმცა, პირველად ვმასპინძლობთ პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებას. ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ნოემბერში საქართველო გადაიბარებს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობას და წარუძღვება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებისკენ მიმართულ ძალისხმევას, მათ შორის, პირადი სივრცისა და პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას იმის ფონზე, რომ ტექნოლოგიური ინოვაციები და ინფორმაციის გაციფრულება ჩვენს ყოველდღიურობაში ასეთი დოზით იგრძნობა. ვცხოვრობთ ზღვა ინფორმაციისა და მონაცემების სწრაფი მიმოცვლის, ხელოვნური ინტელექტისა და კომპიუტერიზებული ცოდნის პერიოდში. ჩვენი გამოწვევა კვლავ გულისხმობს ისეთი გზების პოვნას, რაც ინოვაციებისა და პირადი სივრცის თანაარსებობის შესაძლებლობას უზრუნველყოფს. ჩვენი კოორდინირებული ძალისხმევა მნიშვნელოვანია საერთაშორისო სისტემის შესაქმნელად, რაც დაეფუძნება საერთო პრინციპებსა და ეთიკას; პასუხისმგებლიანი მოპყრობისა და გამოყენების პირობებში მოგვცემს ინფორმაციით მონიჭებული ძალაუფლებით სარგებლობის შესაძლებლობას",- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, პირადი სივრცის ძირეული უფლებების დაცვა ციფრულ სამყაროში დიდ გამოწვევას უქმნის ნებისმიერი ქვეყნის მთავრობას.

"საქართველო დიდი ხანია, მოწინავეა რეგიონში დემოკრატიული გარდაქმნების, ადამიანის უფლებების დაცვისა და რეფორმების კუთხით. ჩვენი ევროპული მისწრაფება განაპირობებს ეროვნულ დღის წესრიგს. ამდენად, ვაგრძელებთ ინტენსიურ და მიზანმიმართულ რეფორმებს, რათა საქართველო ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებს გავუთანაბროთ, მათ შორის პირადი სივრცისა და პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში.

საქართველო სტაბილურად მიიწევს წინ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხების განხორციელების მიმართულებით, რაც გულისხმობს ეროვნული მექანიზმების გაძლიერებას და კონკრეტული სამიზნე ორიენტირების მიღწევას პირადი სივრცისა და პერსონალური მონაცემების ჰარმონიზაციის მიზნით. კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ 2011 წელს იქნა მიღებული საქართველოში, ხოლო 2013 წლიდან მონაცემთა დაცვის დამოუკიდებელი ინსტიტუტი, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი ამოქმედდა, რომელიც პასუხისმგებელია მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის აღსრულების ზედამხედელობაზე. ევროკავშირი და საერთაშორისო დონორები მხარს უჭერენ საქართველოში მონაცემთა დაცვის ინსტიტუტებსა და მექანიზმებს. ეს ძალისხმევა ადამიანის უფლებების სფეროში მათი პროგრამების ნაწილია. ჩვენს მთავრობას სრულად აქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რომელიც ამ პროცესის ხელშეწყობით იკისრა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო პიონერ ქვეყანებს შორის იყო, როდესაც „ბლოკჩეინის“ ტექნოლოგია დანერგა საჯარო სექტორში, რაც იმის ნათელი მაგალითია, რომ ჩვენი ქვეყანა ინოვაციებსა და ტექნოლოგიურ პროგრესს ფეხდაფეხ მიჰყვება, თუმცა მთელ ამ პროცესში უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ პირადი სივრცის დაცულობასა და ხელშეუხებლობას",- აღნიშნა პრემიერმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორის აპარატის ძალისხმევით ინსტიტუციური და საკანონმდებლო რეფორმების მთელი სპექტრი განხორციელდა პერსონალური მონაცემების დაცვის გასაუმჯობესებლად.

მთავრობის მეთაურმა ასევე ხაზი გაუსვა ასოცირების შეთანხმების განხორციელების პრიორიტეტულობას და განაცხადა, რომ ამ მიზანს ემსახურება საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა. "საგზაო რუკა საქართველოს დაეხმარება ასოცირების შეთანხმების მიღმა არსებული ნაბიჯების დაგეგმვასა და განხორციელებაში, მათ შორის პირადი სივრცისა და პერსონალური მონაცემების დაცვის ნაწილში. კარგად გვესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ პერსონალური მონაცემების მაღალი სტანდარტი, რადგან საქართველო აგრძელებს სვლას ევროპული ინტეგრაციისკენ. საკუთარ თავს დავპირდით, რომ გარდაქმნისა და ტრანსფორმაციის ნაწილში სამაგალითონი ვიქნებით რეგიონში და ყველაფერს გაკავეთებთ, რომ დანაპირები შევასრულოთ. თუმცა, ეს წინსვლა შეუძლებელი იქნებოდა ბევრი პარტნიორი სახელმწიფოს და ევროპულ ინსტიტუტებში ჩვენი მეგობრების დახმარების გარეშე. მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ მთელი ამ დროის განმავლობაში მიღებული რჩევებისა და დახმარებისთვის",- მიმართა პრემიერმა კონფერენციის მონაწილეებს. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველო პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში უმაღლესი დონის საერთაშორისო ფორუმს პირველად მასპინძლობს. საგაზაფხულო კონფერენციაზე პერსონალური მონაცემების დაცვის სფეროში არსებულ გლობალური გამოწვევებს, მონაცემთა დაცვის ახალ ევროპულ სტანდარტს და ბავშვთა პირადი ინფორმაციის დაცვის მნიშვნელობას განიხილავენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა