საქართველოს პარლამენტში სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, მოდელირებული სხდომა გაიმართა

რა არის საპარლამენტო რეფორმა, როგორ მუშაობს პარლამენტის ახალი რეგლამენტი, როგორ ხდება თემატური მოკვლევის ჩატარება და ინტერპელაციის მექანიზმის გამოყენება? - საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობით დაინტერესებული ახალგაზრდების მონაწილეობით, პარლამენტის პლენარული სხდომის მოდელირება გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიებაში სხვადასხვა სკოლისა და უნივერსიტეტის 100-ზე მეტი სტუდენტი და სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა.

ახალგაზრდებმა მოირგეს პარლამენტის თავმჯდომარის, კომიტეტების თავმჯდომარეებისა და დეპუტატების როლები, მიიღეს ინფორმაცია საპარლამენტო რეფორმაზე და პრაქტიკაში გამოიყენეს პარლამენტის ახალი რეგლამენტის ისეთი მექანიზმები, როგორიცაა ინტერპელაცია, მინისტრის საათი, თემატური მოკვლევა, კანონმდებლობის აღსრულებაზე კონტროლი და სხვა. მოდელირების მონაწილეებმა მსჯელობისთვის მოამზადეს რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივაც.

ღონისძიება პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა გახსნა.

„ამ პროგრამის ამოცანა არის ის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს, მაქსიმალურად გავაცნოთ, შინაარსობრივად რა არის საკანონმდებლო ორგანო, როგორ ფუნქციონირებს, რა მანდატი აქვს, როგორ იღებს ის გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის სახელმწიფო ინსტიტუტების შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდება.

„ჩვენ გვგონია, რომ ჩვენი მომავალი თაობისთვის სახელმწიფო ინსტიტუტებზე სწორი ინფორმაციის ქონა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გავუჩინოთ სახელმწიფო ინსტიტუტების სწორი აღქმა და ინტერესი მათ მიმართ. ამიტომ, დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება სწორედ ამ ახალგაზრდებს და შესაბამისად, მთელი დღის განმავლობაში, ისინი იქნებიან დაკავებული პარლამენტარების საქმიანობით. მიიღებენ კანონებს, ჩაატარებენ ინტერპელაციას, ჩაატარებენ მინისტრის საათს, იმ ღონისძიებებს, რომელიც პარლამენტის ყოველდღიური საქმიანობაა“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ღონისძიებას წინ უძღოდა ტრენინგი და მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის, შეხვედრები საქართველოს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებთან.

ღონისძიება განხორციელდა საქართველოს პარლამენტის ინიციატივითა და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორიასთან თანამშრომლობით.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციითვე, საპარლამენტო რეფორმა საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად გარდაქმნის თანმდევი მნიშვნელოვანი პროცესია.

მათივე ცნობით, ეს არის ფართომასშტაბიანი ცვლილებების ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს საპარლამენტო მმართველობის ეფექტიანობას, აძლიერებს პარლამენტის კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და აუმჯობესებს საკანონმდებლო საქმიანობას.

რეფორმის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია პარლამენტის ახალი რეგლამენტი, რომელიც 2018 წლის 16 დეკემბერს ამოქმედდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა