ადვოკატი საპატრიარქოს და მამა ანდრია ჯაღმაიძეს - დეკანოზი გიორგი მამალაძე თავისუფლების სანაცვლოდ თქვენს სამარცხვინო ვაჭრობას არ დათანხმდა

დეკანოზი გიორგი მამალაძე თქვენს სამარცხვინო ვაჭრობას არ დათანხმდა თავისუფლების სანაცვლოდ. სხვათა შორის, ფარისევლობა იმ რელიგიაში, რომელსაც თქვენ ემსახურებით მძიმე ცოდვაა, - ამ სიტყვებით მიმართავს „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატი გიორგი ფანცულაია დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძესა და საპატრიარქოს.

ის აღნიშნულით მამა ანდრია ჯაღმაძის მიერ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, დეკანოზმა ჯაღამაიძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ეჭქვეშ დააყენა.

გიორგი ფანცულაია ვრცელ განცხადებაში მამა ანდრია ჯაღმაიძეს დეკანოზის შეწყალებასთან დაკავშირებით ვაჭრობაში, ასევე სიძულვილის, შანტაჟისა და სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.

„ინტერპრესნიუსი“ გიორგი ფანცულაიას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს საპატრიარქოს და პერსონალურად ანდრია ჯაღმაიძეს!

პირველად მოგმართავთ საჯარო წერილით დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავების, 2017 წლის 10 თებერვლის შემდგომ, ვინაიდან სხვა არანაირი გზა არ დატოვეთ!

ამ ხნის განმავლობაში, არაერთხელ ყოფილა ჩემი და დეკანოზ გიორგი მამალაძის სხვა ადვოკატების მიმართ უსაფუძვლო კრიტიკა, თუმცა, ამ განცხადებებს, რომელიც ისმოდა თქვენი მხრიდან გარკვეული პერიოდულობით, ორი არგუმენტით არ ვპასუხობდი: პირველი, დეკანოზ გიორგი მამალაძის ინტერესი ყოველთვის წინ იყო ჩემთვის და ამიტომ ვიტანდი თქვენი მხრიდან პირად შეურაცხყოფებს და მეორე, მეგონა ოდესმე მოეგებოდით გონს და სიმართლეს აღიარებდით.

ახლა კი, პირადად მსურს პასუხი გავცე მთელი ამ პერიოდის მანძილზე მიმდინარე ბინძურ კამპანიას ჩვენი - გიორგი მამალაძის ადვოკატების მისამართით!

1. მაშინ, როცა საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ბრიფინგებიდან ისმოდა, რომ დეკანოზი თითქოს და მაღალ სასულიერო იერარქის მკვლელობას გეგმავდა და ქვეყანა გადაურჩა უდიდეს ტრაგედიას, ხოლო მის მიმართ წარდგენილი ბრალი ეხებოდა საერო პირ შორენა თეთრუაშვილს, თქვენ ამ დროს გაჩუმდით და არანაირი რეაგირება არ მოახდინეთ.

2. როცა მთელი სახელისუფლებო წარმომადგენლობა დეკანოზის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევდა (ვინაიდან განაჩენი გამოტანილი არ იყო), თქვენ მაშინაც ჩუმად იყავით.

3. როცა ბრალის დადგენილება იყო იმ შინაარსის, რომ კარიერული ინტერესისთვის დეკანოზ გიორგი მამალაძეს სურდა შორენა თეთრუაშვილის მოკვლა, თქვენ მაშინაც ჩუმად იყავით და ამით იზიარებდით პროკურატურის იმ პოზიციას, რომ თურმე მკვლელი და ძებნაში მყოფი დეკანოზი თქვენთან საპატრიარქოში მინიმუმ თანამდებობას შეინარჩუნებდა, თუ არ დაწინაურდებოდა.

4. მაშინ, როცა დეკანოზის მიმართ მისი პირადი ცხოვრებით უსაფუძლოდ ხდებოდა შანტაჟი და დისკრედიტაცია, ხოლო ამ საფუძვლით სასამართლო პროცესები იხურებოდა, თქვენ მაშინაც ჩუმად იყავით და დეკანოზს პირადი ცხოვრებით შანტაჟისგან არ იცავდით.

5. როცა პროკურატურიდან მოვიდნენ თქვენთან საპატრიარქოში და გაგაცნეს საქმის მასალები კონტესტიდან ამოგლეჯილად, არასოდეს არ გაგჩენიათ სურვილი ადვოკატებისთვისაც ისეთივე ფორმით მოგესმინათ და გაცნობოდით დაცვის მხარის მასალებს, მაშინ როცა საჯაროდ არაერთხელ შემოგთავაზეთ აღნიშნული ფორმატი.

6. მას შემდგე, რაც თვით ქართულმა სასამართლომ ადვოკატების დიდი ბრძოლის შედეგად სრულად არ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალი, კონკრეტულად კი, მოხსნა ანგარების მოტივი და სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლიდან გადმოაკვალიფიცირა 108-ე მუხლზე და ამით 16 დან 20 წლამდე ან უვადო პატირობა შეცვალა უფრო მსუბუქი მუხლით და 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა დეკანოზს, თქვენ ისიც კი არ გითქვამთ, მინიმუმ ამ ნაწილში მაინც ცდებოდა პროკურატურაო.

7. თქვენ, რომლებიც ასე ებღაუჭებით თქვენდამი ამჟამად გამოგზავნილ სახალხო დამცველის წერილს, მეორე მხრივ, არასოდეს არანაირი რეაგირება არ მოგიხდენიათ წინა სახალხო დამცველის ბატონი უჩა ნანუაშვილის დასკვნაზე, რომელმაც მთლიანად შეისწავლა მასალები, მოისმინა სრულად სასამართლო განხილვები და მისი დასკვნა იყო ამ შინაარსის: დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ მართლმსაჯულება არ აღსრულდა.

8. თქვენ „ქრისტეს მიერი სიყვარულით“ ყოველთვის ეკლესიის მტრებად მოგვიხსენიებთ იმ ადვოკატებს, რომლებმაც ხაზს ვუსვამ, უანგაროდ დავიცავით თქვენი მღვდელი და სანაცვლოდ არა თუ მატერიალური სიკეთე არ მიგვიღია, არამედ ჩვენი და ჩვენი ოჯახების უსაფრთხოება და სიცოცხლე დავაყენეთ დიდი რისკის ქვეშ და მივიღეთ არაერთი თავდასხმა, რის გამოც პროკურატურის მიერ ოფიციალურად დაზარალებულად ვარ ცნობილი!

9. ამჟამადაც, როცა დეკანოზს სააღდგომო შეწყალებაზე შუამდგომლობას პირდებოდით, სანაცვლოდ ვაჭრობა დაუწყეთ და ვაჭრობის ერთ-ერთი პუნქტი იყო, რომ დეკანოზი ჩვენ, ადვოკატებს გაგვმიჯვნოდა, თითქოს მისგან დამოუკიდებელ და უსაფუძლო განცხადებებს ვაკეთებდით გამიზნულად საპატრიარქოს დისკრედიტირებისათვის, ანუ „განტევების ვაცი“ გჭირდებოდათ, რათა ამით საზოგადოებაში ჩამოშლილი ავტორიტეტი აღგედგინათ უდანაშაულო ადამიანების, ადვოკატების ხარჯზე.

10. და ბოლოს, დაცვის მხარემ კი არ განიცადა ფიასკო და შეწყალების თხოვნით კი არ მოვედით თქვენთან, როგორც თქვენ ბრძანებთ, არამედ მას შემდგეგ, რაც სახალხო დამცველის, ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის, ამერიკის შეერთებული შტატების სხელმწიფო დეპარტამენტის და ქართული საზოგადოების ერთხმად გაკეთებული განცხადების შემდეგ, ასევე დეკანოზის წერილების და საპატრიარქოსთან გაშლილი კარვის და არაერთი აქციის შემდეგ, თქვენ თავად დაიწყეთ ჯგუფებად დეკანოზთან ხშირ-ხშირი სიარული, რომლის დროსაც თქვენს მიერ ჩამოწერილი მრავალპუნქტიანი შეთანხმების უპირობო მიღებას სთხოვდით ავადმყოფ ადამიანს, ისევ და ისევ საკუთარი შელახული ავტორიტეტის და პრივილეგიების შესანარჩუნებლად, დეკანოზი კი, თქვენს სამარცხვინო ვაჭრობას არ დათანხმდა თავისუფლების სანაცვლოდ.

11. გულზე ხელი დაიდეთ ბატონო ანდრია, ბოლო თვეების მანძილზე რამდენჯერ უთხარით დეკანოზ მამალაძეს: გააჩუმე შენი ადვოკატები! ამ დროს საავადმყოფოს დერეფანში შეხვედრისას საკმაოდ თბილად გვესალმებოდით, ხოლო ტელევიზიით სასულიერო პირისთვის გაუგონარი სიძულვილის ენით მთელი ამ პროცესების ადვოკატებზე გადმობრალებას ცდილობდით. სხვათა შორის ფარისევლობა იმ რელიგიაში, რომელსაც თქვენ ემსახურებით მძიმე ცოდვაა.

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენგან „განტევების ვაცის“ შექმნა ე.წ. „ციანიდის“ საქმეზე არ გამოგივიდათ, რადგან ქართულმა საზოგადოებამ კარგად იცის რეალურად რა თამაშებიც მიდის საპატრიარქოში და ამაზე თქვენი მკვეთრად დავარდნილი რეიტინგიც მიუთითებს. ძალიან ვწუხვარ, რომ უპირობო სიყვარულის მქადაგებელი რელიგიის მსახურები სიძულვილის, შანტაჟის, სიცრუის ტირაჟირების საქმეში ამდენად დახელოვნებულები აღმოჩნდით. ადვოკატების მიმართ გაკეთებული პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობები შეიძლებოდა გამესაჩივრებინა სასამართლოში, თუმცა ამ ტექსტის დაწერისას თქვენზე დახარჯული დროც კი მენანება სიმართლე რომ ვთქვა“, - აცხადებს ფანცულაია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო