სულხან სალაძე - მიქაუტაძის მსგავსად, საბჭოს სხვა წევრებმაც შეიძლება გამოთქვან მოსამართლეობის სურვილი და გამოდის, რომ მათ მხარი დაუჭირეს სასურველ ფორმულირებებს

გიორგი მიქაუტაძის მსგავსად, შეიძლება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხვა წევრებმაც გამოთქვან სურვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის და გვექნება რეალობა, როცა მათ მხარი დაუჭირეს დოკუმენტებს, რითაც შეეძლოთ განესაზღვრათ მათთვის სასურველი ფორმულირება, - ამის შესახებ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ ჟურნალისტებს მოსამართლეთა შერჩევის საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცახდა.

როგორც სალაძემ აღნიშნა, პროცესი, რაც ახლა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს, კითხვებს აჩენს.

„კოალიციას, სამოქალაქო სექტორს და ყველა დაინტერესებულ მხარეს ამ პროცესში ჰქონდა 5 პრინციპული შეთავაზება და ვფიქრობდით, ამ შეთავაზებების გათვალისწინების შემთხვევაში, ბევრად უფრო კარგი კანონი იქნებოდა, ვიდრე მივიღეთ პარლამენტის გადაწყვეტილებით. ერთ-ერთი მთავარი ნაწილი რაც იყო და არ არის გათვალისწინებული, ეს არის ორმაგი ორი მესამედი, რაც ვთვლით, რომ იქნებიდა რისკების დაზღვევა, რომელზეც ვსაუბრობდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. თავისთავად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის ის კანონი, რომელიც რისკებს დააზღვევს, რასაც ჰქვია კლანის მიერ მათთვის სასურველი კანდიდატების სასამართლოში შეყვანა. მაგრამ ფაქტია ერთი რამ, გასული წლის დეკემბერთან შედარებით, მნიშვნელოვანი ცვლილებაა კანონმდებლობაში, რაც არის იმის დადასტურება, რომ ის ვერსია და ფორმატი, რასაც თავის დროზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმატი სწორად მიიჩნევდა, არ იყო სწორი გზავნილი“, - განაცხადა სალაძემ.

მისივე თქმით, გარდა ამისა, ჩვენ უკვე ვიცით, რომ გიორგი მიქაუტაძე არ გამორიცხავს იყოს კანდიდატი.

„პარალელურად, იმავე დღეს მიქაუტაძემ მონაწილეობა მიიღო კენჭისყრებში, რომელიც მთელ რიგ დოკუმენტებს განსაზღვრავდა, რაც კონკურსთან არის დაკავშირებული. ბუნებრივია, ჩვენ ვთვლით, რომ სწორი ფორმა იქნებოდა, გიორგი მიქაუტაძეს არ მიეღო ამ კენჭისყრებში მონაწილეობა, რადგანაც ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლო პოტენციურ კანდიდატს სამომავლოდ, რომელიც ამ ეტაპზე საბჭოს წევრია, შეეძლო მისთვის სასურველ რეგულაციებისთვის დაეჭირა მხარი. ამდენად, სასურველი იყო მიქაუტაძეს ღიად ეთქვა ის აპირებდა თუ არა, ან აპირებს თუ არა იყაროს კენჭი და იყოს ერთ-ერთი კანდიდატი, ამის შემდგომ, თუ ის ნამდვილად აპირებს კანდიდატობას, არ მიეღო მონაწილეობა იმ დოკუმენტების განხილვაში, რომელიც იუსტიციის საბჭოს მიერ არის დამტკიცებული და უნდა განსაზღვროს წესები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის ნაწილთან მიმართებაში საბჭოს მხრიდან.

თავისთავად, ეს კითხვებს აჩენს. იგივე პრინციპით, შეიძლება საბჭოს სხვა წევრებმაც გამოთქვან სურვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის და გვექნება რეალობა, როცა მათ მხარი დაუჭირეს დოკუმენტებს, რეგულაციებს. რაც ნიშნავს იმას, რომ მათ შეეძლოთ განესაზღვრათ მათთვის სასურველი ფორმულირება, ჩანაწერები ამ დოკუმენტებში და ამის შემდგომ ისინი წარმოადგენდნენ თავს, როგორც კანდიდატები",- განაცხადა სალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს