გიორგი გახარია - საფრანგეთი იქნება პირველი ქვეყანა, სადაც ოფიციალურად გვეყოლება საიმიგრაციო სამსახურების წარმომადგენლები

თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა უვიზო მიმოსვლის მიღების შემდეგ ბუნებრივი და მოსალოდნელი იყო, დარწმუნებულები ვართ, ევროპელ კოლეგებთან ერთობლივი მუშაობით ამ მონაცემებს შევამცირებთ, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ფრანგ კოლეგასთან კრისტოფ კასტანერთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვადასტურებ, რომ საფრანგეთთან მიმართებაში თავშესაფრის მაძიებლების ზრდა არის და ეს ფაქტია, ჩვეულებრივი სტატისტიკაა. ამის ახსნა ბევრი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ და გვაქვს კონკრეტული გეგმა. აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გეგმა შედეგიანი იქნება. მსგავსი გეგმები ევროპის სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით განვახორციელეთ და იქ პოზიტიური შედეგი უკვე გვაქვს. საფრანგეთსა და საქართველოს შორის ისტორიული სიახლოვე, თუნდაც კულტურულ დონეზე, დამატებითი მოტივია, რომ ნაკადი საფრანგეთის მიმართულებით ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალია. ამას ჩვენი მხრიდანაც შესაბამისი პასუხი, მეტი ორგანიზებულობა და კონცენტრაცია სჭირდება, რაც ჩვენ დავგეგმეთ. საფრანგეთი იქნება პირველი ქვეყანა, სადაც ოფიციალურად გვეყოლება ჩვენი საემიგრაციო სამსახურების წარმომადგენლები. ამას ვაკეთებთ სწორედ იმიტომ, რომ ვხედავთ, საფრანგეთთან მიმართებაში განსაკუთრებული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო“, - განაცხადა გახარიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა, მას შემდეგ, რაც საქართველომ აბსოლუტურად დამსახურებულად მიიღო თავისუფალი უვიზო მიმოსვლა, ბუნებრივი და მოსალოდნელი პროცესი იყო.

„ჩვენი ევროპელი კოლეგების კითხვებს ამ მიმართულებით სრული პასუხისმგებლობით აღვიქვამთ, ერთობლივად ვმუშაობთ და დარწმუნებულები ვართ, ერთობლივი მუშაობით ამ მონაცემებს შევამცირებთ. თუმცა, დაახლოებით 2 წელია, საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს და დღეის მდგომარეობით დაახლოებით 400 000-ზე მეტმა ქართველმა იმოგზაურა ევროპაში, მათ უმრავლესობას კი არანაირი კანონი არ დაურღვევია. მათი სრული უმრავლესობა დაბრუნდა და საქართველოში უფრო მეტი ევროპა მოიტანეს, ისევე, როგორც მეტი კულტურული გაცვლის შესაძლებლობა მიეცათ. რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს, ჩვენი პასუხისმგებლობა კი მათზე პასუხის გაცემაა. ეს მიღწევა უნდა შევინარჩუნოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება იყოს, როგორც ქვეყნის ფასეულობების გადაწყვეტილება და არა ტექნიკური პრობლემებისგან შემდგარი რაღაც მოცემულობა. გამოწვევებს ვპასუხობთ და ვიცით, რომ უახლოეს პერიოდში პოზიტიური შედეგები გვექნება“, - აღნიშნა შს მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო