გიორგი გახარია - საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებლების ზრდაა, თუმცა გვაქვს გეგმა - მსგავსი გეგმები ევროპის სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით განვახორციელეთ და იქ პოზიტიური შედეგია

საფრანგეთში თავშესაფრის მაძიებლების ზრდაა, თუმცა გვაქვს გეგმა - მსგავსი გეგმები ევროპის სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით განვახორციელეთ და იქ პოზიტიური შედეგია, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ფრანგ კოლეგასთან კრისტოფ კასტანერთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ადასტურებს, რომ საფრანგეთთან მიმართებაში თავშესაფრის მაძიებლების ზრდა არის.

"ამის ახსნა ბევრი სხვადასხვა მიზეზით შეიძლება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ამასთან დაკავშირებით ვმუშაობთ და გვაქვს კონკრეტული გეგმა. აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გეგმა შედეგიანი იქნება. მსგავსი გეგმები ევროპის სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით განვახორციელეთ და იქ პოზიტიური შედეგი უკვე გვაქვს. საფრანგეთსა და საქართველოს შორის ისტორიული სიახლოვე, თუნდაც კულტურულ დონეზე, დამატებითი მოტივია, რომ ნაკადი საფრანგეთის მიმართულებით ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით მაღალია. ამას ჩვენი მხრიდანაც შესაბამისი პასუხი, მეტი ორგანიზებულობა და კონცენტრაცია სჭირდება, რაც ჩვენ დავგეგმეთ“, - განაცხადა გახარიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა, მას შემდეგ, რაც საქართველომ აბსოლუტურად დამსახურებულად მიიღო თავისუფალი უვიზო მიმოსვლა, ბუნებრივი და მოსალოდნელი პროცესი იყო.

„ჩვენი ევროპელი კოლეგების კითხვებს ამ მიმართულებით სრული პასუხისმგებლობით აღვიქვამთ, ერთობლივად ვმუშაობთ და დარწმუნებულები ვართ, ერთობლივი მუშაობით ამ მონაცემებს შევამცირებთ. თუმცა, დაახლოებით 2 წელია, საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს და დღეის მდგომარეობით დაახლოებით 400 000-ზე მეტმა ქართველმა იმოგზაურა ევროპაში, მათ უმრავლესობას კი არანაირი კანონი არ დაურღვევია. მათი სრული უმრავლესობა დაბრუნდა და საქართველოში უფრო მეტი ევროპა მოიტანეს, ისევე, როგორც მეტი კულტურული გაცვლის შესაძლებლობა მიეცათ. რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს, ჩვენი პასუხისმგებლობა კი მათზე პასუხის გაცემაა. ეს მიღწევა უნდა შევინარჩუნოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება იყოს, როგორც ქვეყნის ფასეულობების გადაწყვეტილება და არა ტექნიკური პრობლემებისგან შემდგარი რაღაც მოცემულობა. გამოწვევებს ვპასუხობთ და ვიცით, რომ უახლოეს პერიოდში პოზიტიური შედეგები გვექნება“, - აღნიშნა შს მინისტრმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს