ლევან გოგიჩაიშვილი - სასამართლო არის ხელისუფლების, კონკრეტულად პარტიის თავმჯდომარის პოლიტიკური გავლენის ქვეშ

სასამართლო არის ხელისუფლების, კონკრეტულად პარტიის თავმჯდომარის პოლიტიკური გავლენის ქვეშ, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა საინიციატივო ჯგუფის სახელით დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ კონსტიტუციაში ცვლილების პროექტის დარეგისტრირების თაობაზე საუბრისას განაცხადა.

„ყველაფერი გამომდინარეობს მოცემულობიდან და ეს არის მოცემულობა, როდესაც სასამართლო ხელისუფლება არის აბსოლუტურად ხელისუფლების პოლიტიკური გავლენის ქვეშ და კონკრეტულად პარტიის თავმჯდომარის. რაიმე ფორმით სასამართლოს დამოუკიდებლობაზე დღეს საუბარი ძალიან სასაცილოა. იმიტომ, რომ ამ ადამიანების ჯგუფს თავიდან ბოლომდე პარტიის თავმჯდომარე აკონტროლებს. შესაბამისად, მათი მისდამი ვალდებულებები იმდენად გაიზარდა მარტო ამ პროცესში, რომ ხელის გულზე ჩანს ის შესაძლო მომავალი პრობლემები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს, თუ პროცესები არასწორად წავა და არასწორი ხალხი შევა უზენაეს სასამართლოში. ეს კატასტროფა იქნება. ეს არის ერთმმართველობისკენ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენი მოსახლეობისთვის ყოველთვის ცუდად მთავრდება. იმიტომ, რომ ყველაზე მეტი პრობლემა ერთმმართველობისას, ხელისუფლების ტოტალური კონტროლის დროს, მოსახლეობის მიმართაა.

ამიტომ ამოცანა არის, რომ რაღაცნაირად გადავარჩინოთ ეს პროცესი. ამ პროცესის გადასარჩენად ჯერჯერობით არსებობს მხოლოდ პოლიტიკური გზები, საპარლამენტო მექანიზმები და რა თქმა უნდა, სახალხო პროტესტიც" - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, მოსამართლეთა უვადოდ გამწესების თაობაზე მოსახლეობასთან უნდა დასმულიყო შესაბამისი კითხვები. ამ საკითხთან დაკავშირებით ლევან გოგიჩაიშვილი პლებისციტის მომხრეა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ უვადობასთან დაკავშირებით ჩვენს მოსახლეობას უნდა შევკითხოდით. მე ვარ მომხრე იმის, რომ ამ საკითხზე ჩატარდეს პლებისტი არჩევნებთან ერთად, პარალელურად. შემდგომ უკვე გადაწყდეს, მოსახლეობას უნდა თუ არა ადამიანი რომელიმე სახელისუფლებო დანაყოფში. ზოგადად, დემოკრატიის პრინციპი არ არის უვადობა. დემოკრატიაში ყველაფერი იცვლება. ეს მისი პრინციპია. ამიტომ ეს ინიციატივა ერთ-ერთი პოლიტიკური მექანიზმია, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ვარეგისტრირებთ ბიუროზე, რომ დაიწყოს საკონსტიტუციო ცვლილებები. ამისთვის საჭიროა ან დეპუტატების შესაბამისი რაოდენობა ან 200 000 ხმა"- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა