მიხეილ ბატიაშვილი - მნიშვნელოვანია, ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი საგაკვეთილო პროცესის ყოველდღიურ ნაწილად იქცეს

სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, ევროპის დღეების ფარგლებში კონფერენცია „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფელიქს ჰეტი, ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე უძღვებოდნენ.

„ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ყველა დიდი და მნიშვნელოვანი მიზნისკენ მიმავალი გზა განათლებაზე გადის. დიდ ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაც სწორედ განათლებაზეა დამოკიდებული. სწორედ სკოლა - სასკოლო საზოგადოება და, უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელი აყალიბებს მოსწავლეში იმ ორიენტირს, რომელმაც შემდეგ მისი მომავალი უნდა განსაზღვროს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, საგნის სწავლების პარალელურად, ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანი საგაკვეთილო პროცესის ყოველდღიურ ნაწილად იქცეს. ჩვენმა ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს ევროპული ღირებულებები და ფასეულობები, უნდა აანალიზებდნენ, რატომ აირჩია ჩვენმა ქვეყანამ გზა ევროპისკენ”, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენცია „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“, “ევროპის დღეები 2019“-ის ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ტარდება. მასში მონაწილეობს გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 150 პედაგოგი თბილისიდან და რეგიონებიდან. მათ შორის, მასწავლებლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებიდან.

,,ორდღიანი კონფერენციის მიზანია მასწავლებლებმა მიიღონ ინფორმაცია საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროინტეგრაციის პროცესსა და ევროპულ ღირებულებებზე, გაეცნონ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ევროპული პროექტები სთავაზობს მათ. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია სემინარები და ვორკშოფები პედაგოგებისთვის.

კონფერენციის მონაწილე პედაგოგებმა ევროკავშირის თემატიკის დანერგვისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით საინტერესო პროექტები წარმოდგინეს. სემინარის გახსნაზე, საუკეთესო პროექტების ავტორი მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა - გამოვლინდა 10 გამარჯვებული პედაგოგი, რომელიც ესტონეთში სასწავლო კურსს გაივლის. კურსს ესტონეთის საელჩო დააფინანსებს.

პროექტი „მასწავლებელი – მეგზური ევროპისკენ“ 2014 წელს შეიქმნა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციისა და ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში დანერგვის მიზნით სემინარებსა და კონკურსებს ახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა