მამუკა ბახტაძე - ჩვენ უნდა გაგვიცნოს მსოფლიომ, როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა

გპირდებით, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ შევძლებთ და საერთოდ გავაუქმებთ გადასახადებს ყველა იმ მეწარმისთვის, რომელიც საქართველოში იქნება დაკავებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში განაცხადა, სადაც აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიხსნა.

როგორც ბახტაძემ განაცხადა, მან სამეგრელოს სხვადახვა რაიონებში ფერმერებისგან რჩევები მოისმინა და აღნიშნულზე დაყრდნობით, ახალი ინიციატივები გააჟღერა, რომელიც რამდენიმე მიმართულებას ეხება.

„ჩვენ უნდა გაგვიცნოს მსოფლიომ, როგორც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა, ეს არის გზა, რომელიც დაგვაძლევინებს სიღარიბეს, ეს არის გზა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ სოფლის მეურნეობის სექტორი საქართველოში განვითარების სულ ახალ დონეზე გადავიყვანოთ. მე ძალიან ბევრი რჩევა მოვისმინე ზუგდიდში, სამეგრელოს სხვა რაიონებში ჩვენი ფერმერებისგან და სწორედ ამ რჩევებზე დაყრდნობით, გუშინ ახალი ინიციატივის შესახებ განვაცხადეთ და ეს ინიციატივები რამდენიმე მიმართულებას ეხება.

პირველი გახლავთ, პროექტი „დანერგე მომავალი“. აქ ჩვენ გავითვალისწინეთ თქვენი რჩევები და მოგეხსენებათ, ზედა ზღვარი ორნახევარჯერ ავწიეთ - ასი ათასი ლარიდან ორასი ათას ლარამდე, რომ თითოეულ თქვენგანს ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ უფრო ფართო მასშტაბით შეხედოს და განავითაროს ეს ბიზნესი. ჩვენ გავითვალისწინეთ თქვენი რჩევები და კენკროვანი პროგრამა უკლებლივ ყველა რაიონს შეეხება. პირადად მე, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ისევე როგორც თითოეული თქვენთაგანი, როცა საქართველოში კენკროვანი კულტურის განვითარებაზე ვსაუბრობთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში შევძელით და აღვადგინეთ ჩაის წარმოების საკმაოდ მნიშვნელოვანი პოტენციალი. თუმცა, ჯერ კიდევ შორს ვართ იმ ნიშნულიდან, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ. აქედან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება და ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავზრდით სუბსიდიებს ამ მიმართულებით. სამეგრელოში ჩვენ გვაქვს უნიკალური ყურძნის ჯიშები და სამწუხაროდ, არ არსებობდა პროგრამა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა ეს პოტენციალი სრულად წარმოგვედგინა. აქედან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება და მევენახეობის მიმართულებითაც ჩვენ დავიწყებთ და გავზრდით სუბსიდირებას ამ ლამაზ კუთხეში“, - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე განმარტებით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სიღარიბე დაძლეული იყოს.

„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ სრულად შევძლოთ ამ რეგიონში სოფლის მეურნეობის პოტენციალის ათვისება იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ ეს არის სწორი გზა იმისთვის, რომ ქართველი ფერმერი იყოს წარმატებული, იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული, იმისთვის, რომ ჩვენ გადავდგათ პრინციპული ნაბიჯები სიღარიბის დასაძლევად. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, სიღარის დაძლევის გარეშე ჩვენი სამშობლო ვერ იქნება წარმატებული“, - განაცხადა ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა