„რუსთავი 2“-ის 9%-იანი წილის მფლობელის  ნინო ნიჟარაძის ადვოკატი ვარაუდობს, რომ ტელეკომპანიის მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობა მიმდინარეობს

ერთადერთი ვარაუდი ის არის, რომ ხომ არ არის რუსთავი 2-ის მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობა?!,-ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ნინო ნიჟარაძის ინტერეს სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა არ იყო, თუმცა შექმნილი გარემოებებიდან გამომდინარე, ერთადერთ გზას სწორედ ეს წარმოადგენდა.

"მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ნინო ნიჟარაძის ინტერესს ნამდვილად არ წარმოადგენდა სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა. ეს ნამდვილად არ იყო ჩემი მარწმუნებლის თვითმიზანი. 2015 წლიდან ყველანაირ მცდელობა ჰქონდა იმისთვის, რომ საზოგადოებაში მომხდარიყო მისი კუთვნილი წილის რეალიზაცია, თუმცა საზოგადოების წესდებიდან გამომდინარე, ამისათვის საჭიროა პარტნიორთა თანხმობა. ასეთი თანხმობა ნინო ნიჟარაძემ ვერ მიიღო. მიზეზი ერთი შეხედვით ახსნადია. ახსნადია ის, რომ საზოგადოების არსებულ პარტნიორებს, მაჟორიტარ პარტნიორებს არ სურთ კომპანიაში სხვა პირის შემოსვლა, თუმცა აუხსნელია ნინო ნიჟარაძისთვის მიზეზი, თუ მათ არ შეიძინეს მისი კუთვნილი წილი. ამ გარემოებებიდან გამომდინარე ფაქტი ერთია. დაზარალდა ნინო ნიჟარაძის ინტერესები, მან ვერ მიიღო ის თანხა, რასაც წილის რეალიზაციის შედეგად მიიღებდა და მას დარჩა ერთადერთი გზა - სასამართლოს გზა იმისთვის, რომ მოახდინოს თავისი დარღვეული უფლების რეალიზაცია",- განაცხადა გიორგი ყავლაშვილმა.

მისივე თქმით, ნინო ნიჟარაძესა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის კომუნიკაცია არ შემდგარა.

"პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ კომუნიკაცია ნინო ნიჟარაძესა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის ვერ შედგა. არაერთი უპასუხოდ დარჩენილი და მიწერილი წერილია, რომლითაც საზოგადოების ხელმძღვანელობას მივმართეთ, თუმცა ნინო ნიჟარაძემ პასუხი ვერც ერთზე ვერ მიიღო. არის რამდენიმე საკითხი, რაც მნიშვნელოვანია და რასაც კომპანიის მხრიდან საბუთების მიღების შემდეგ, აუცილებლად დამატებით გამოვიკვლევთ და დავაზუსტებთ სასარჩელო წარმოების დროს",- აღნიშნა ადვოკატმა.

გიორგი ყავლაშვილმა გამართულ ბრიფინგზე ტელეკომპანიის მიმართ გაჩენილ კითხვებზეც ისაუბრა.

"ამ პერიოდში, აღნიშნული დავის თაობაზე სატელევიზიო ეთერში რამდენჯერმე გაჟღერდა, სადაც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ 2016 წლიდან კომპანია ისეთ მდგომარეობაშია , რომ "რუსთავი 2" საბიუჯეტო გადასახადებს ვერ იხდის. ამის მიზეზად დასახელდა ის, რომ არის გარკვეული აკრძალვები, შემოსავლები შემცირებულია და არსებობს ობიექტური მიზეზები და გარემოებები, რის გამოც კომპანია საბიუჯეტო გადასახადებს ვერ იხდის. კიდევ ერთხელ მინდა გავაჟღერო ეს ციფრი, დღეის მდგომარეობით დაახლოებით, თითქმის 24 მილიონ ლარამდეა ასული საბიუჯეტო დავალიანება. ამის პარალელურად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნდა დასკვნა, რომელი თავად ტელეკომპანიების მიერ მიწოდებული ინფორმაციები სრული და ყოველმხრივი ანალიზი. ერთადერთი დოკუმენტი, რაზეც ხელი მიგვიწვდება ამ პერიოდის კომპანიის სხვადასხვა ფინანსური მოქმედების ანალიზის თაობაზე, ეს დასკვნაა. სხვა დოკუმენტაციას "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობა ნინო ნიჟარაძისთის არ იძლევა. ამ დასკვნის თანახმად, აღმოჩნდა , რომ შემოსავლების გარკვეული ნაწილი, რომელაც "რუსთავი 2" უნდა იღებდეს, სარეკლამო მომსახურებისთვის მიდის საშუამავლო რგოლთან, რომელსაც სახელი აქვს "ინტერ მედია". რა არის აქ მნიშვნელოვანი. 2017 წლამდე, 2016 წლის მდგომარეობით, საშუამავლო კომპანიას ამ თავის საშუამავლო საქმიანობაში, რეკლამის ექსკლუზიურად გაყიდვაში, რჩებოდა 7%. 2017 წლის შემდეგ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ანალიზით დგინდება, რომ ის 30%-მდე გაიზარდა. ამასთან დაკავშირებით კითხვები გვაქვს. რატომ გაიზარდა 7-დან 30%-მდე საშუამავლო კომპანიების შემოსავლები, მაშინ, როდესაც კომუკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის ანგარიშსა და დასკვნაში პირდაპირაა აღნიშნული, რომ ეს თანხები პირდაპირ მოაკლდა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-.

ჩვენ ამას საზიანო კონტრაქტს ვუწოდებთ, იმიტომ, რომ სხვა არაფერი შეიძლება ეწოდოს კონტრაქტს, რომელიც შუამავალი რგოლს აძლევს 30% შემოსავალს და ამით კომპანიას უკარგავს ამ შემოსავლის მიღების საშუალებას. ციფრებში გამოხატული ეს თანხები წელიწადზე 10 მილიონია, რაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დასკვნაშია გამოქვეყნებული. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა, რაზეც გვინდა ყურადღება გავამახვილოთ და კომპანიისგან პასუხი მივიღოთ. ასევე პასუხი გვინდა მივიღოთ კომპანიისგან - სულ არ აქვს "რუსთავი 2"- არანაირი თანხა, რომ საბიუჯეტო გადასახადი გადაიხადოს და ამით შეამციროს დარიცხული საურავები, რაც კანონმდებლობიდან გამომდინარე აუცილებლად ეკისრება კომპანიას, თუკი ის გადასახადებს არ იხდის, თუ ნაწილობრივ არ აქვს? თუ რაღაც თანხა მაინც ჰქონდა და არ გადაიხადა? ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ნებისმიერი გადაუხდელი გადასახადი დაკავშირებულია მის საურავთან, მის მომავალში უფრო გაზრდასთან, და ამ პროცესის შეჩერება მხოლოდ და მხოლოდ ძირითადი დავალიანების გადახდით შეიძლება",- განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, ტელეკომპანია "მესამე" დაფუძნებულია ფორმულა პროესკო ფროდაქშენის მიერ, რომელიც თავის მხრივ "ინტერ მედიის" დამფუძნებლებმა და დიმიტრი საძაგლიშვილმა ჩამოაყალიბეს. ადვოკატის თქმით, "რუსთავი 2"-ის შემოსავლების ნაწილი სწორედ აღნიშნულ მედიასაშუალებებში მიდის.

მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ "ინტერ მედიას" დამფუძნებლები არიან მიხეილ მშვილდაძე და ზურაბ გუმბარიძე. ასევე ეს პირები გვევლინებიან დამფუძნებლებად ფორმულა პროესკო ფროდაქშენის. ეს ფორმულა თავის მხრივ გახლავთ დამფუძნებელი სატელევიზო არხის. ეს სატელევიზიო არხი გახლავთ "მესამე", რომლის დამფუძნებელიც ასევე გახლავთ დიმიტრი საძაგლიშვილი. ის წარმოადგენს კომპანიარუსთავი 2“- ის თანამშრომელს და იურისტს და გამოხატავს მის ინტერესებს.

ჩვენი აშკარა და ცალსახა პოზიციით, ტელეკომპანია "მესამე" მედიაბაზარზე წარმოადგენს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის კონკურენტ კომპანიას. თავისთავად ცხადია, რომ სადაც რუსთავი 2 არ იქნება დამფუძნებელი, ბუნებრივია, ყველა მედიასივრცეში არსებული სუბიექტი, მისი სიდიდის, რეიტინგულობისა და სხვა მახასიათებლების მიუხედავად, წარმოადგენს მის კონკურენტს. სახეზე გვაქვს აშკარა შემთხვევა, როდესაც "რუსთავი 2-"დან წასული თანხებით ფინანსდება "ინტერ მედია" და ფინანსდება მათ მიერ დაფუძნებული პროესკო ფროდაქშენი და ფინანსდება ტელეკომპანია "მესამე". პარტნიორს აქვს ამასთან დაკავშირებითაც კითხვები. თუ რატომ ხდება ასეთი რამ პარტნიორთან შეთანხმების გარეშე, რატომ არაა ინფორმირება. არ ვიცით მაჟორიტარი პარტნიორების ინფორმირება როგორია ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ნინო ნიჟარაძე ამ თემის შესახებ ინფორმირებული არ არის.

ინტერ მედიაში გაუმართლებლად დიდი თანხები მიდის. ეს თანხები შეიძლება მიმართული ყოფილიყო საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად. ასეთი სხვა თანხებიც იყო. ამავდროულად, აშკარაა, რომ ეს თანხები თავს იყრის ტელეკომპანია "მესამეში", რომელიც "რუსთავი 2"-ის კონკურენტი კომპანიაა.

ბუნებრივია, სანამ ყველა დოკუმენტაცია არ იქნება მიღებული და გაანალიზებული, რაიმეს მტკიცებით ფორმატში გაცხადება რთულია - თუმცა ერთადერთი ვარაუდი, რაც გამომდინარეობს აქედან, ის გახლავთ, რომ ხომ არ არის ტელეკომპანია რუსთავი 2“- ის მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობა. სხვანაირად ამის ახსნა შეუძლებელია",- განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, აღნინულ ვარაუდს აძლიერებს ნიკა გვარამიას ის განცხადება, რომლის მიხედვითაც, "რუსთავი 2-ის ნაცვლად სხვა ტელევიზია გაიხსნება.

"ჩვენს ვარაუდს ეს განცხადება აძლიერებს იმ ფაქტებთან ერთად. ფაქტია, რომ კომპანიის ხელმძღვანელი საზოგადოების წინაშე გამოხატავს თავის პოზიციას, რომ გაიხსნება სხვა კომპანია, ის იქნება დაკომპლექტებული იმავე თანამშრომლებით. გაკოტრების პროცესი ამ წუთში იურიდიულად არ მიმდინარეობს, თუმცა მიმდინარეობს პროცესები, რომელთა შემდეგაც ზოგადად გაკოტრება სამართლებრივად გარდაუვალია“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, პარტნიორთა კრების დანიშვნა 25 მაისისთვის მოითხოვეს.

იხილეთ ვიდეო: "რუსთავი 2"-ის 9%-იანი წილის მფლობელის ადვოკატი ვარაუდობს, რომ ტელეკომპანიის მიზანმიმართული გაკოტრების მცდელობა მიმდინარეობს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო