იურიდიულმა კომიტეტმა იუსტიციის საბჭოდან ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავას და შოთა ქადაგიძის გამოწვევის შესახებ ინიციატივა, დღის წესრიგში არ შეიტანა

„ევროპულმა საქართველომ“ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში მათ მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტის შეტანა მოითხოვა, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან სამი არამოსამართლე წევრის ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავას და შოთა ქადაგიძის გამოწვევას ითვალისწინებს.

ამ თემაზე რამდენიმეწუთიანი დისკუსიის შემდეგ, კომიტეტმა საკითხის სხდომის დღის წესრიგში შეტანას მხარი არ დაუჭირა.

როგორც კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა ოთარ კახიძემ განაცხადა, ამ პირებმა გასული წლის დეკემბერში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ათკაციან სიას მხარი რობოტებივით დაუჭირეს, ისე რომ კითხვაც არ დაუსვამთ საიდან მოვიდა სია.

კახიძემ აღნიშნა ისიც, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ზაზა ხარებავა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მხილებულია მანიპულაციებში, რაც მის წარდგენას უკავშირდება.

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს მიმართეს კითხვით, თუ რატომ არის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი ისეთი ინიციატივები, რომლებიც მათი დადგენილების პროექტის შემდეგ, უფრო გვიან დარეგისტრირდა.

„ევროპული საქართველოს“ მიერ დასმული საკითხის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა დეპუტატმა ეკა ბესელიამ. მან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეახსენა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან პარლამენტის კვოტით არჩეული წევრების გამოწვევის საკითხი ერთ-ერთ სესიაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა დასვა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, საკითხის გადადება უხერხულია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ძალიან დაბალი ნდობის პირობებში არჩევს.

ოპოზიციონერი დეპუტატების პოზიცია კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა არ გაიზიარა. როგორც მან კომიტეტის სხდომაზე განმარტა, „ევროპული საქართველოს“ მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტის განხილვის ბოლო ვადა 27 მაისია და კომიტეტი ვადებს დაიცავს.

„თუკი გსურდათ, რომ საკითხი უფრო ადრე განხილულიყო, შეგეძლოთ პროექტები უფრო ადრე დაგერეგისტრირებინათ, ან საკითხის დღის წესრიგში შეტანის თაობაზე წერილობითი სახით მოგემართათ. ყველა ვადა დაცულია, მოგვიტევეთ ყველას, რომ პიარ-სტრატეგიაში ვერ აგყევით“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საბოლოოდ კომიტეტმა სხდომის დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით დაამტკიცა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა