რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელმა 150-მა სასულიერო პირმა ქართული ენის შესწავლის სურვილი გამოთქვა

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა ქეთევან ჯაყელმა, ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიზანია რელიგიურ უმცირესობებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა. მემორანდუმი ითვალისწინებს სააგენტოს პროექტის - „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისათვის“ ფარგლებში რელიგიური უმცირესობების სასულიერო პირებისათვის ქართული ენის სწავლებას.

„მემორანდუმის აუცილებლობა განაპირობა რელიგიის სააგენტოს მიერ 2018–2020 წლების ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული სემინარების („ადამიანის უფლებები და რელიგიური შემწყნარებლობა“) მიმდინარეობისას შექმნილმა ვითარებამ, როცა გაირკვა, რომ მონაწილე რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ სასულიერო პირებს გაუჭირდათ თემის გაგება-გააზრება, სახელმწიფო ენის სათანადოდ ან საერთოდ ვერ ფლობის გამო. რელიგიის სააგენტოს დაებადა იდეა და განავითარა სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტი, სახელწოდებით: „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის“, რომელიც გააცნეს პროექტში მონაწილე სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს. მათ დადებითად შეაფასეს სააგენტოს ინიციატივა და სახელმწიფო ენის შესწავლის სურვილი გამოთქვეს.

რელიგიის სააგენტომ არაფორმალური შეხვედრები გამართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან, რომლებმაც პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.

ქართული ენის შესწავლის სურვილი, ჯერჯერობით, 150 -მა სასულიერო პირმა გამოთქვა. ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რადგან ანალოგიური სურვილი მრევლმაც გამოხატა.

მემორანდუმი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სახელმწიფო ენის პოპულარიზაციას, სახელმწიფო ენის სწავლების პროცესის სრულყოფას, ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობებს პირთა ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა