ადვოკატი - ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებულის დედამთილი საქართველოში ჩამოვიდა, მან ბიოლოგიური ნიმუში ჩააბარა, მაგრამ მე-4 დღეა ეს ნიმუშები მაცივარში ინახება

ტრეფიკინგის საქმეზე დაკავებული ქალის დედამთილი ემა სუსლიაკი საქართველოში იმყოფება, - ამის შესახებ ადვოკატმა ზურა თოდუამ განაცხადა.

ადვოკატის განცხადებით, ბავშვების ბებია ამ წუთებში კახეთში შვილიშვილებს ხვდება.

როგორ „ინტერპრესნიუსს" დაკავებული ქალის ადვოკატმა ზურა თოდუამ განუცხადა, ემა სუსლიაკი საქართველოში ბიოლოგიური ნიმუშის ჩაბარებისთვის ჩამოვიდა, რადგან დადგინდეს 10 ბავშვსა და მშობლებს შორის ბიოლოგიური კავშირი.

ადვოკატის თქმით, ემა სუსლიაკმა ბიოლოგიური ნიმუში უკვე ჩააბარა, მაგრამ ჯერჯერობით ნიმუშები მხოლოდ მაცივარში ინახება.

"მოგეხსენებათ ბავშვების ბიოლოგიური მამა, იური სუსლიაკი აცხადებს თანხმობას, რომ ჩატარდეს ბიოლოგიური ექსპერტიზა. იგი თანახმაა, ნებისმიერი გზით ჩააბაროს ბიოლოგიური ნიმუში შესადარებლად ან გამოიყოს ექსპერტი, რომელიც ენგურის ხიდამდე მივა და შეძლებს ნიმუშის აღებას, ან კიდევ დაასახელოს გამოძიებამ ნებისმიერი ქვეყნის ლაბორატორია, რომელიც სანდო იქნება ქართული მხარისთვის. არც ამ პირობაზე თანხმდებიან. ამის შემდეგ ასეთი გამოსავალი შევთავაზეთ, რომ ბავშვების ბებია იური სუსლიაკის დედა ემა სუსლიაკი გუშინწინ ჩამოფრინდა კიევიდან. ჩემი შუამდგომლობა, რომ მისგან აეღოთ ბიოლოგიური ნიმუში და აქ ჩაეტარებინათ კვლევა, დაკმაყოფილდა. აღებულია ნიმუში, მაგრამ უკვე მეოთხე დღეა ეს ნიმუშები ინახება მაცივარში და არ მიმდინარეობს მისი კვლევა. პრობლემა რაშია, არსებული ბიოლოგიური ექსპერტიზის მახასიათებლები ბებიის ხაზით, მხოლოდ გოგოების კუთვნილებას ადგენს, ანუ ამით მხოლოდ ის დგინდება , არიან თუ არა გოგონები იური სუსლიაკის ბიოლოგიური შვილები, ვინაიდან 10 ბავშვიდან ექვსი გოგონაა და ოთხი ბიჭი, ამ ბავშვების საკითხი არ გვინდა ღიად დარჩეს, მითუმეტეს, რომ ბავშვების მამა მზად ყოფნას გამოთქვამს ექსპერტიზაზე ", -განაცხადა ზურა თოდუამ.

ადვოკატის განცხადებით, ბავშვებზე სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს, რათა რომელიმე მათგანმა განაცხადოს, რომ იულია სუსლიაკი მათი დედა არ არის.

"მამას აუკრძალეს ბავშვებთან ურთიერთობა ვიდეოზარითაც კი. ოთხი ბავშვი მაისის თვეშია დაბადებული, მათ შორის ორი ბავშვის დაბადების დღე იყო, დღეს კი ერთ-ერთი გოგონას დაბადების დღეა. ბებიას დღეს ჩვენი სკანდალის წყალობით მისცეს უფლება ბავშვების მონახულების. ჩემი აზრით, მათ იმიტომ არ ეძლევათ ბავშვების მონახულების საშუალება, რომ ბავშვებზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა. ისინი მოთავსებულები არიან სხვადასხვა ოჯახებში და ამ დროის განმავლობაში ისინი დაკითხულები არ არიან. ზუსტად ეს მაფიქრებინებს იმას, რომ მიმდინარეობს ბავშვებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, რადგან მოიპოვონ ის ინფორმაცია, რომ რამდენიმემ თქვას - იულია სუსლიაკი მათი დედა არ არის. ამის მცდელობა უკვე იყო ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში და ზუგდიდშიც", -განაცხადა ზურა თოდუამ.

შეგახსენებთ, რომ უკრაინელი ქალის და 10 ბავშვის ზუგდიდში ყოფნის შესახებ საზოგადოებამ მას შემდეგ გაიგო, რაც ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ამის მიზეზი ბავშვების საკვებით ინტოქსიკაცია იყო.

ამასთან, უკრაინის მოქალაქის მიერ საქართველოში 10 მცირეწლოვანი ბავშვის ჩამოყვანასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს. შსს-ს ინფორმაციით, 2019 წლის 8 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით საქართველოში ჩამოვიდა უკრაინის მოქალაქე, რომელსაც თან ახლდა 10 მცირეწლოვანი ბავშვი.

„შს სამინისტროს ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, 10-ვე ბავშვი ამ ქალბატონის შვილია. აღნიშნული ქალბატონი აპირებდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას. 10 მცირეწლოვანი ბავშვიდან 4 დაბადებულია 2017 წელს. ვინაიდან აღნიშნულმა ფაქტმა გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი), რის ფარგლებშიც ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს. გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს აქტიური თანამშრომლობა უცხოელ პარტნიორებთან“, - აცხადებენ შსს-ში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა