სოფო კილაძის ინიციატივით, ოჯახში ძალადობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში  ცვლილებების პაკეტი  მომზადდა

სოფო კილაძის ინიციატივით, ოჯახში ძალადობის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტი მომზადდა. შემუშავებული ცვლილებების მიზანია, მეტი აქცენტი გაკეთდეს ძალადობრივი ქცევის ადრეულ ეტაპზე გამოვლენასა და პრევენციაზე. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით მოძალადეს ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სპეციალური კურსის გავლა მოუწევს. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დამცავი ორდერის გამოცემისას, მოძალადისათვის სავალდებულო გახდება ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსის გავლა. რათა მაქსიმალურად იქნას არიდებული თავიდან განმეორებითი ძალადობა.

ფსიქიატრიული ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ მოძალადეს, მსხვერპლის განცხადების საფუძველზე, მასთან კომუნიკაცია აეკრძალება. თუ მოძალადე პენიტენციური დაწესებულებიდან მსხვერპლის მიმართ, ახორციელებს მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს, მსხვერპლს საშუალება ექნება პენიტენციური ან ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციისგან მოითხოვოს ამ ზარების შეზღუდვა. მსხვერპლის მიერ მოძალადის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟი უქმდება.

ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, სამოქალაქო სამართლებრივ დავებზე, სასამართლოში სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლდება. საკანონმდებლო ცვლილება მსხვერპლს საშუალებას აძლევს მაგალითად, მოძალადესთან ქონებრივი დავა, ფინანსური დანახარჯების გარეშე მაქსიმალურად სწრაფად გადაწყვიტოს.

ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულისათვის სასამართლოს მხრიდან ძირითად სასჯელად ფულადი ჯარიმის დაკისრება იკრძალება.

ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულისათვის პასუხისმგებლობის გამკაცრების მიზნით, ამ კატეგორიის საქმეებზე, ძირითად სასჯელად ფულადი ჯარიმის დაკისრება აიკრძალება. პრაქტიკაში, როგორც წესი, ჯარიმის თანხა, განსაკუთრებით, სოციალურად დაუცელი ოჯახების შემთხვევაში, მსხვერპლს და მის შვილებს აწვებათ ტვირთად. ამდენად, მსხვერპლისა და მისი შვილებისთვის ზედმეტი ფინანსური ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მოძალადეს შესაძლოა დაეკისროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, თავისუფლების აღკვეთა ან კანონით გათვალისწინებული სხვა სასჯელი.

მოძალადეს პენიტენციური სისტემიდან განთავისუფლების შემდეგ, პოლიციელები პერიოდულად გადაამოწმებენ. საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, პოლიცია პენიტენციური თუ ფსიქიატრიული სისტემიდან განთავისუფლებულ მოძალადეს პერიოდულად შეამოწმებს რათა , განმეორებითი ძალადობის რისკი დროულად შეაფასოს და პრევენცია მოახდინოს.

დღეს არსებული რეგულაციით, პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლებამდე, მოძალადე მსჯავრდებულის ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე, მისი ქცევებისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება ხდება. ახალი ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, პოლიცია ამ შეფასების დოკუმენტზეც შეძლებს წვდომას.

პოლიცია ასევე ვალდებული ხდება, მოსამართლის მიერ უკვე გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერის აღსრულების მონიტორინგი აწარმოოს და საჭიროების შემთხვევაში თავადაც გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.

საკანონმდელო ცვლილებები სოფო კილაძის ინიციატივით, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მოამზადა აშშ საელჩოს მხარდაჭერით.

ინიციატივების შემუშავების პროცესში ჩართულები იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო ორგანიზაციები. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებს გადის. მისი მიღება პარლამენტში საგაზაფხულო სესიის ფარგლებში იგეგმება.

ალექსეი მალაშენკო - ვინც არ უნდა მოიგოს საქართველოს არჩევნებში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხებში არაფერი შეიცვლება, ამიტომ, კრემლისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2020
ზაალ ანჯაფარიძე - შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კითხვები უფრო მეტია, ვიდრე პასუხები, რაც გამოწვეულია რამდენიმე გარემოებით
დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" მომხმარებლებს ბინებზე გრანდიოზულ ფასდაკლებას სთავაზობს
სადაზღვევო კომპანია "ბენეფიტსი" მცირე და საშუალო ბიზნესკომპანიებს სპეციალურ პირობებს სთავაზობს
FDA-იმ IQOS-თან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო და კომპანიის მარკეტინგის უფლება მისცა  (R)
„ალიანს ჯგუფი“ BDO-სთან პარტნიორობით SAP Business One-ს ნერგავს
გაზელ ფაინენსის ინვესტიცია სანიორეს მეღვინეობაში, ნაფარეულის მიკროზონაში ვენახების მფლობელ კომპანიაში
„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების განვითარებას