თემატური მოკვლევის ჯგუფმა „პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ პირველი ზეპირი მოსმენა გამართა

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თემატური მოკვლევის ჯგუფის - „პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ მომხსენებელმა, გუგული მაღრაძემ პირველი ზეპირი მოსმენა გამართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს.

გუგული მაღრაძის განცხადებით, განათლებაში დევს იმის გასაღები, თუ როგორ უნდა დაიძლიოს ქვეყანაში არსებული სიღარიბე.

„ჩვენ, როგორც გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლები, შემოვიფარგლეთ იმ საკითხით, რასაც ჰქვია ქალებისთვის და გოგონებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა - რა ბარიერებია და რა უშლის ხელს ქალებს და გოგონებს მიიღონ პროფესიული განათლება. პროფესიული განათლება ერთი-ერთი უმოკლესი გზაა დასაქმებისკენ. ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის გზა გადის, სწორედ პროფესიული ცოდნის ქონაზე. იმისათვის, რომ დაიძლიოს სიღარიბე, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ისეთი ცოდნა, რომელიც მათ დღევანდელ სიტუაციაში, შრომის ბაზარზე დასაქმებაში დაეხმარება“, - აღნიშნა გუგული მაღრაძემ.

დღეს, თემატური მოკვლევის ჯგუფმა საქართველოს მეცნიერების, განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს, გორისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მერიების, პროფესიული სასწავლებლის „აისი“ და შოთა მესხიას სახელობის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მოუსმინეს.

მომხსენებლებმა გამოთქვეს მოსაზრებები და რეკომენდაციები ქალებისთვის პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის თემაზე და ასევე, თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრების კითხვებს უპასუხეს.

ზეპირ მოსმენაში გუგული მაღრაძესთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ჯგუფის წევრებმა: ადა მარშანიამ, რატი იონათამიშვილმა და დიმიტრი ცქიტიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ 2018-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის საფუძველზე, დაიწყო თემატური მოკვლევა - პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

თემატური მოკვლევის ჯგუფის მიზანია სამთავრობო პოლიტიკის, რეგიონული განვითარების სტრატეგიებისა და ადგილობრივი პოლიტიკის შესწავლა პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით რათა მოხდეს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა.

პროექტი ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა