მამუკა ბახტაძე ბრიუსელში - ჩვენი წარსული ევროპული იყო, მომავალიც ევროპული იქნება და უფრო ამბიციური გეგმები გვჭირდება

10 წლის წინ “აღმოსავლეთ პარტნიორობა” შესანიშნავი და გაბედული იდეა იყო - შორს, მომავალში ხედვას გულისხმობდა. ახლა სხვა დიადი იდეა გვჭირდება, რათა ყველა ერი დარწმუნდეს, რომ ხელშესახები სამიზნე ორიენტირი გააჩნია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თემატურ დისკუსიაზე - “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივები ძლიერი ეკონომიკის, მმართველობის, ინფრასტრუქტურისა და საზოგადოებრივი განვითარებისკენ” განაცხადა, რომელიც “აღმოსავლეთ პარტნიორობის” 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, უკანასკნელი 10 წელი საქართველოსთვის იყო დაბრკოლებებით აღსავსე საოცარი „მოგზაურობა“, მაგრამ, ამავდროულად, საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი, როგორი ტრანსფორმაციული ძალა აქვს ევროკავშირს.

“ჩვენი ქვეყნის წარმატება თქვენი წარმატებაცაა. ეს ერთობლივი მიღწევაა. ჩვენთვის ეს არის ძირითადი მისწრაფება და ყოველთვის ვცდილობ, ხაზი გავუსვა, რომ ჩემი ერისთვის ევროპული მისწრაფება ცივილიზაციური არჩევანია. ეს არის ღირებულებებზე დაფუძნებული არჩევანი, რადგან ჩვენი წარსული ევროპულია და ამიტომ, მომავალიც ევროპულია. ეს მისწრაფება ძალიან ძვირი გვიჯდება პოლიტიკურად და ეკონომიკურად. როგორც მოგეხსენებათ, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და ყოველთვის არსებობს ქართველი ხალხის მისწრაფებაზე გავლენის მოხდენის მცდელობა. თუმცა, ჩვენი მოსახლეობის 85 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს ამ გადაწყვეტილებას, ამ არჩევანს, რადგან ეს ცივილიზაციური არჩევანია”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე გარდაქმნის პროცესზე, რომელიც, მისი შეფასებით, მარტივი არ იყო. როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, საქართველო წლიდან წლამდე მიიწევდა წინ ბიზნესის კეთების სიმარტივის, ანტიკორუფციული კანონმდებლობის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს დონეზე დაყენებისა და ბევრი სხვა მიმართულებით.

“ასოცირების შეთანხმება და მასში შემავალი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, ვიზალიბერალიზაციასთან ერთად, ისტორიული მიღწევებია ჩემი ქვეყნისთვის. თუმცა, გვაქვს ამ წარმატებაზე მეტის მიღწევის სურვილი. საქართველო მოწინავე ქვეყნად მიიჩნევა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და ვფიქრობთ, მეტს ვიმსახურებთ, მეტი შესაძლებლობა გაგვაჩნია. ამიტომ, ევროპელ კოლეგებს ორი თვის წინ წარვუდგინეთ ჩვენი ერთსულოვანი დოკუმენტი სახელწოდებით - „ საქართველოს საგზაო რუკა ევროკავშირისკენ”, რომლის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გვქონდეს ევროპულ ინსტიტუტებში მეტი ინტეგრაციის შესაძლებლობა. ძირითადად აქცენტი კეთდება დარგობრივ ინტეგრაციაზე, იქნება ეს საერთო ციფრული ბაზარი, ეკონომიკა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, მეტი მობილურობა ჩვენი მოქალაქეებისთვის, მაგალითად ცირკულარული მიგრაცია თუ ბევრი სხვა. ჩვენ ასევე გვესმის, რომ გამოწვევები არსებობს თავად ევროკავშირში, როდესაც საქმე პოლიტიკურ გადაწყვეტილებამდე მიდის, თუმცა მივიჩნევთ, რომ საქართველო მზადაა, ბევრად მეტი გააკეთოს წინსვლის მხრივ. მიგვაჩნია, რომ ძალიან ხელშესახები წინგადადგმული ნაბიჯი იქნება დარგობრივი ინტეგრაციის პროცესის დაწყება”,- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძემ საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

“საქართველოსთან ერთად ევროპაც უფრო ძლიერია. წლებია, ამ გზავნილზე ვსაუბრობთ, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე, ჩვენი რეგიონის უსაფრთხოების გარეშე, შეუძლებელია მდგრადი უსაფრთხოების ინფრასტრუქტურისა და სისტემის შექმნა ევროკავშირში. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთან ერთად ევროკავშირიც უფრო ძლიერი იქნება, ევროპული საწარმოები თავისუფლად შეძლებენ ჩვენს რეგიონში საქმიანობის წარმოებას. ეს მასშტაბი სცილდება ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და ამიტომ დღევანდელ დღეს ჩემი გზავნილი ასეთია - ჩვენი წარსული ევროპული იყო, მომავალიც ევროპული იქნება და ახლა უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს სხვა დიად იდეას მივცეთ დასაბამი - ისეთივეს, როგორიც აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნა იყო 10 წლის წინ. ახლა უფრო ამბიციური გეგმები გვჭირდება, რადგან აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები და განსაკუთრებით ჩემი ერი მზადაა, წინ დიდი ნაბიჯებით იაროს”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დისკუსიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მონაწილეობდნენ მოლდოვას პრემიერ-მინისტრი პაველ ფილიპი, ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი, ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი და უკრაინის საგარეო პოლიტიკის საბჭოს თავმჯდომარე ჰენადი მაკსაკი. დისკუსიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს