„ევროპული საქართველო“ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს

„ევროპული საქართველო“ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს უჭერს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ მსჯელობენ.

ოთარ კახიძის თქმით, მაშინ, როდესაც სახელმწიფო არ არის მოწოდების სიმაღლეზე და სამართალდამცველი უწყებები ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხს ვერ სცემენ, ერთადერთი გამოსავალი რჩება, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია.

„ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება, რომელიც აქვს ადამიანს, ეს არის სიცოცხლის უფლება. არ არსებობს სიცოცხლე, არ არსებობს არც ადამიანი და არც სხვა უფლებები. სიცოცხლის უფლებასთან მიმართებაში სახელმწიფოს აქვს ორი ტიპის ვალდებულება: 1. არის პოზიტიური ვალდებულება, რომ სრულფასოვნად გამოიძიოს ყველა საქმე, სადაც ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა ხდება. 2. ნეგატიური ვალდებულება, რომ თავად არ ხელყოს სხვა ადამიანის სიცოცხლე.

თემირლან მაჩალიკაშვილის შემთხვევაში სახეზე გვაქვს ნეგატიური ვალდებულების დარღვევა, როდესაც სახელმწიფოს წარმომადგენელმა სახელმწიფო უწყების დაგეგმილი ოპერაციის შედეგად, იმსხვერპლა საქართველოს მოქალაქე და პოზიტიური ვალდებულების დარღვევაც, როდესაც წელიწადნახევარია დაახლოებით გასული ამ ფაქტიდან და დღემდე არ არის გამოძიებული არც ერთი პრობლემური დეტალი, რაც ამ საქმესთან არის დაკავშირებული. დღემდე, არც პარლამენტის წევრებმა, არც საზოგადოებამ, არც თავად დაღუპულის ოჯახმა, არ ვიცით რა იყო სპეცოპერაციის ჩატარების მიზეზი, მიზანი და ვინ დაგეგმა სპეცოპერაცია. ამავე დროს უცნობია სასიკვდილო გასროლის დეტალები, ძალის გამოყენების აუცილებლობა, ძალის გადამეტების ფარგლები. ანუ, ეს საკითხი არის თავიდან ბოლომდე ბურუსით მოცული. საქმეში არ არის უამრავი მტკიცებულება შესასწავლი ხომ?-დასაკითხი არიან მოწმეები და ეს მოწმეები დაკითხულებიც უნდა იყვნენ უკვე. გამოსატანია გადაწყვეტილება: ან დანაშაულს ჰქონდა ადგილი, ან ვიღაცამ გადაამეტა ძალას, ან სასიკვდილო გასროლაში ვიღაც არის დამნაშავე ან არ არის. ასე უპასუხოდ და ჰაერში დატოვება ამ საქმის, მიუთითებს ერთადერთ რამეზე, რომ სახელმწიფო რაღაცის მიჩქმალვას ცდილობს. სხვა წინასწარი დასკვნის გაკეთება აქ შეუძლებელია.

როდესაც სახელმწიფო არ არის მოწოდების სიმაღლეზე, როდესაც სამართალდამცავი უწყებები პასუხს ვერ სცემენ ლეგიტიმურ კითხვებს, რომელიც აქვს საზოგადოებას, ამისთვის არსებობს სწორედ საპარლამენტო კომისია და „ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე იქნას საგამოძიებო კომისიის მხრიდან“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს