ვახტანგ ძაბირაძე - ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი არასტაბილური ვითარების განცდას ქმნის და ჯერ არშემდგარ არჩევნებს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს

ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი არასტაბილური ვითარების განცდას ქმნის და ჯერ არშემდგარ არჩევნებს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, - ამის შესახებ ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მან ისაუბრა ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის შესახებ, როდესაც სანდრა რულოვსსა და მასთან ერთად მყოფ პირებს 5 ადამიანი დაესხა თავს.

ექსპერტმა კითხვაზე, რამდენად რეალურია, რომ ეს თავდასხმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისგან ყოფილიყო, უპასუხა, რომ მიუხედავად მათი ვინაობისა, თავად ფაქტი ძალიან ცუდი და სასწრაფოდ გამოსაძიებელია.

„გამიჭირდება მტკიცება, ესენი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იყვნენ, მოსყიდულები იყვნენ, თუ ვინ იყვნენ, მაგრამ ფაქტი, რაც მოხდა, არის ძალიან ცუდი. ეს ცუდია როგორც ხელისუფლებისთვის, ისე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ზოგადად, ქვეყნისთვის, რადგან ქმნის არასტაბილური ვითარების განცდას და ჯერ არშემდგარ არჩევნებს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ეს იძლევა საშუალებასა და საბაბს, რომ არჩევნების შედეგებზე უკვე ლაპარაკი იყოს, როგორც არასამართლიანზე. არასტაბილურ გარემოში შეიძლება, სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს? მეორე მხარეა, რომ რამდენადაც ინფორმირებული ვარ, რულოვსი და მისი ჯგუფი იქ აწარმოებდა ფოტო და ვიდეო მასალის გადაღებას. შესაბამისად, ხალხი, ვინც იქ მივიდა, დაფიქსირებულია. ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა, რომ ეს საქმე სასწრაფოდ გამოიძიოს და დასვას წერტილი, თუ ვინ ვინ არის. თუ ამას ეს ხელისუფლება არ გააკეთებს, ის პასუხისმგებელი მხოლოდ ამ ინციდენტზე კი არა, 2019 წელს მომხდარ ყველა ინციდენტზე იქნება და არა მარტო ზუგდიდის რაიონში“, - განუცხადა ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“.

მისივე თქმით, ზუგდიდი მნიშვნელოვანია, თუმცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და ამჟამინდელ და ყოფილ ხელისუფლებას შორის დაპირისპირებას მეტი ფასი აქვს.

„თავისთავად ზუგდიდი მნიშვნელოვანია, მაგრამ შესაძლოა, იმდენად მნიშვნელოვანი არ იყოს, რომ არა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და რომ არა დაპირისპირება ყოფილ და ახლანდელ ხელისუფალთა შორის, რომელსაც გაცილებით მეტი ფასი აქვს, ვიდრე ზუგდიდის მერობის სავარძელს. ეს დიდ გავლენას მოახდენს ქვეყანაში პოლიტიკურ ბალანსზე და ვითარებაზე, და რა თქმა უნდა, 2020 წლის არჩევნების შედეგებზეც და პროცესებზეც. „ქართულ ოცნებას“ არც აქ და არც სხვა რეგიონებში აქვს დამარცხების უფლება, რადგან ნებისმიერი მისი მარცხი ოპოზიციის მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის იქნება გამოყენებული“, - აღნიშნა ექსპერტმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა