გრიგოლ ვაშაძე - მოსახლეობას დღეს აქვს უიმედობა, ცარიელი მაცივარი და ჯიბეში ცარიელი საფულე - აღარ უნდათ გაუთავებელი საუბარი რეფორმებზე და რაღაც ბოდვა

ისევე გრძელდება ადგილობრივი არჩევნები, როგორიც საპრეზიდენტო იყო - იმავე თავდასხმებით, კრიმინალით, უხეში დარღვევებით საარჩევნო პროცესში და გაყალბებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ ლიდერების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დიპლომატიურ კორპუსთან ოპოზიციას საუბარი იმაზე ჰქონდა, რომ ხელისუფლებამ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთოსა და „ოდირის“ არც ერთი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.

„დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ფაქტებით ვაჩვენეთ, რომ ეს ე.წ. ხელისუფლება ეუთოს, ოდირის 17 მთავარი და მნიშვნელოვანი რეკომენდაციიდან არც ერთი რეკომენდაციის გათვალისწინებას არ აპირებს და ისევე გრძელდება ეს ადგილობრივი არჩევნები, როგორიც იყო საპრეზიდენტო არჩევნები - იმავე თავდასხმებით, იმავე კრიმინალით, იმავე უხეში დარღვევებით საარჩევნო პროცესში და იმავე გაყალბებით. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ახალი არაფერი მოუსმენიათ, რადგან პროფესიონალები არიან, დიდი ხანია, საქართველოში არიან. სხვათა შორის ის, რომ ეუთოს დასკვნა და ჩვენი მოკავშირე სახელმწიფოების წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციების დასკვნები ასეთი მკაცრი იყო, მათ შორის იმიტომ მოხდა, რომ ადგილობრივი საელჩოებიდან ძალიან სწორი, ობიექტური, დაბალანსებული და ფაქტებით სავსე ინფორმაცია მიდის. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ან უნდა შევწყვიტოთ ასეთი არჩევნების ჩატარება, ან ვერც შიდა და ვერც გარე პოლიტიკურ მიზნებს ვერ მივაღწევთ ვერასდროს", -აღნიშნა ვაშაძემ.

მისივე თქმით, ზუგდიდში განვითარებული მოვლენები, კონკრეტულად არჩევნებამდე 5 დღით ადრე სიების საუბნო კომისიისთვის გადაცემა იმას მოწმობს, რომ ხელისუფლების დრო იწურება.

„ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ ამ ხელისუფლების საათზე უკვე 12-ს უკლია ერთი წუთი და ეს თვითონაც იციან. ამომრჩეველი ხედავს, რომ ოპოზიციას პროგრამა აქვს და საქმეზე ლაპარაკობს, ესენი კიდევ ჩარჩენილები არიან 2013 წლის იანვარში და კიდევ იმავე მესიჯებითა და ტერმინოლოგიით ლაპარაკობენ წარსულზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეს უკვე აბსოლუტურად აღარ აინტერესებს. საქართველოს მოქალაქეს დღეს აქვს უიმედობა, ცარიელი მაცივარი და ჯიბეში ცარიელი საფულე. აღარ უნდათ მათ ეს გაუთავებელო საუბარი რეფორმების მესამე და მეოთხე ტალღაზე, რაღაც ბოდვა, როდესაც ცხოვრების დონე ყოველდღიურად უარესდება და დემოკრატიის დონე მიდის იქით, სადაც არავის გვინდა, აღმოვჩნდეთ - რუსეთის ფედერაციის მსგავსად. ახალი რა ხდება? „რუსთავი 2“-ისა და სხვა ტელევიზიების არქივები გატენილია იმ ქალბატონების სახეებით, რომლებიც საარჩევნო სიებით დარბოდნენ 2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს და იდგნენ საარჩევნო უბნების წინ. გაერთიანებული ოპოზიცია უჭერს მხარს „ოდირის“ დასკვნებს და თუ ხელისუფლება ოდესმე მოეგება გონს და ჩვენსკენ გადმოდგამს ნაბიჯს, მზად ვართ, საპასუხო ნაბიჯები გადავდგათ, ეს ყველას ინტერესშია", - განაცხადა ვაშაძემ.

მანვე ისაუბრა ზუგდიდში მომხდარ იმ ინციდენტზე, რომლის დროსაც ზუგდიდის მერობის კანდიდატსა და მასთან მყოფ პირებს თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა.

"მგონი, მხოლოდ ერთი პირია დაკავებული, მაშინ, როდესაც 6 თუ 7 "ბანდერლოგი" იყო ხიდან ჩამოსული. 2013 წლიდან ასეა, გამოუშვებენ 100-ლარიანი ჯარიმით, ვინ დასჯის ადამიანს, რომელიც ხელისუფლების დაკვეთით მოქმედებდა", - განაცხადა ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს