იურისტი - მოვითხოვთ, ბიძის მიერ მოკლული ბავშვის საქმეზე პასუხისგებაში მიეცნენ ექიმები და პოლიციის ის თანამშრომლები, რომელთა უმოქმედებამ ტრაგედია გამოიწვია

ჩვენი მოთხოვნაა, რომ 13 წლის გოგიტა ირემაძის მკვლელობის საქმის წარმოება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გადმოვიდეს, - ამის შესახებ ბიძის მიერ მოკლული 13 წლის გოგიტა ირემაძის მკვლელობის საქმეზე საუბრისას, "ადამიანის უფლებათა ცენტრის" იურისტმა ეკა ქობესაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე პასუხისგებაში უნდა მიეცნენ როგორც ექიმები, რომლებმაც მოკლულ გოგიტა ირემაძის ბიძას, ვალერი ირემაძეს შესაბამისი მკურნალობა არ აღმოუჩინეს, ასევე პოლიციის ის თანამშრომლები, რომელთა უმოქმედობამ ან დაგვიანებულმა ქმედებებმა გამოიწვია ეს ტრაგედია.

"აღნიშნული დანაშაული მიმდინარე წლის თებერვლის თვეში მოხდა. იმ პერიოდიდან დღემდე, არ არის არანაირი სახის შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული, გარდა იმისა, რომ უშუალოდ მკვლელობის აღმასრულებელს მიესაჯა არანებაყოფლობითი მკურნალობა და გადაყვანილია ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში. ექსპერტიზის დაკვნით დადგინდა, რომ ადამიანი იყო შეურაცხადი, როდესაც ის ამ ქმედებას ახორციელებდა. ამ ადამიანმა, ვიდრე ამ დანაშაულს ჩაიდენდა, წინა დღეებში გაიარა ვრცელი გზა, იმისთვის, რომ ის დაეწვინათ საავადმყოფოში და ემკურნალათ. მისი მეგობრები და ოჯახის წევრები დაატარებდნენ მას საავადმყოფოში, ორ კლინიკაში იყო მიყვანილი, საიდანაც გადაამისამართეს თბილისში, თუმცა თბილისის კლინიკამ ადეკვატურად არ მიიღო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არ მოახდინა შესაბამისი გამოძიება და არ მოხდა ამ ადამიანის დაწვენა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ეს ადამიანი გაწერეს სახლში და შემდეგ, როდესაც მოხდა აღნიშნული ქმედება, პოლიციის გულგრილობამ და არაკომპეტენტურმა საქციელმა გამოიწვია ეს ტრაგიკული შემთხვევა. პოლიციას რომ იმ წუთშივე ემოქმედა, მყისიერად და კანონის ფარგლებში, რაც მას ევალება, შესაძლოა, ეს ტრაგედია აგვეცილებინა თავიდან. მეზობლებსაც არ მისცეს სახლში შესვლის საშუალება და თვითონაც არ იმოქმედეს. ამ შემთხვევაში გვაქვს ორი ორგანო - ექიმები და პოლიცია, რომელთა დაუდევარმა ქმედებამ გამოიწვია აღნიშნული ტრაგედია. ჩვენი მოთხოვნაა, რომ საქმის წარმოება გადავიდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და იქ მოხდეს გამოძიების გაგრძელება და ამ საქმეზე პასუხისგებაში მიეცნენ როგორც ექიმები, ისე პოლიციის ის თანამშრომლები, რომელთა უმოქმედობებმა გამოიწვია ამხელა ტრაგედია", - აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, 13 წლის მოზარდი საკუთარმა ბიძამ 10 თებერვალს მოკლა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა