2018 წელს პროკურორებმა პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა 29.8%-ის მიმართ დააყენეს, სასამართლომ კი, პატიმრობა 22.8%-ის მიმართ გამოიყენა

2018 წელს პროკურორებმა სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობა სისხლის სამართლის დევნადაწყებულ პირთა 29.8%-ის მიმართ დააყენა, სასამართლომ კი პატიმრობა 22.8%-ის მიმართ გამოიყენა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

დოკუმენტის თანახმად, სასამართლოს მიერ 2018 წელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი 2017 წელთან შედარებით გაზრდილია. ანგარიშში ასევე განმარტებულია ის მიზეზებიც, თუ რატომ გაიზარდა აღნიშნული მაჩვენებელი.

„2018 წელს პატიმრობა შეეფარდა დევნადაწყებულ პირთა 22.8%-ს, რაც 2017 წლის მონაცემებთან შედარებით ზრდის მაჩვენებელია. უნდა აღინიშნოს, რომ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მატების ძირითადი მიზეზი ოჯახურ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის ზრდის ტენდენციაა. აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე პროკურორების მიერ დაყენებული შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წელს სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულია პროკურორთა მიერ დაყენებული შუამდგომლობების 84.9%, რაც ასევე 2017 წელთან შედარებით ზრდის ტენდენციის მაჩვენებელია. რაც შეეხება პატიმრობის დაკმაყოფილების მაჩვენებელს, 2018 წელს სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებულია პროკურორთა მიერ პატიმრობის მოთხოვნით დაყენებული შუამდგომლობების საშუალოდ 76.5%“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ როგორც აღკვეთის ღონისძიების, ასევე პატიმრობის მოთხოვნების დაკმაყოფილების ზრდა, განპირობებულია აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებით პროკურატურის სისტემაში შემუშავებული რეკომენდაციით და პროკურორთა მუდმივი გადამზადებით, რამაც გაზარდა აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით დაყენებული შუამდგომლობების დასაბუთების ხარისხი.

ანგარიშის თანახმად, ბოლო წლებში შემცირებულია დევნადაწყებული პირების მიმართ საპატიმრო გირაოს მოთხოვნის პროცენტული მაჩვენებელიც და 2018 წელს გირაო მხოლოდ 6.5% შემთხვევაში იყო მოთხოვნილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა