ლატვია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში კონტინგენტს გაზრდის

ლატვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ლატვიის კონტინგენტს გაზრდის, - აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დღევანდელი შეხვედრისას მიაწოდა, რომელიც რიგაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და საჭიროა, რომ ევროკავშირის მონიტორებს შესაძლებლობა ჰქონდეთ საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მონიტორინგი განახორციელონ. ლატვია დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში 7 დამკვირვებლითაა წარმოდგენილი.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ისაუბრეს და საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ლატვიას საქართველოს სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისათვის.

ასევე აღინიშნა, რომ ოკუპაცია დაუშვებელია და უნდა გაგრძელდეს მუშაობა საქართველოს დეოკუპაციისათვის.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას განაცხადა, საქართველო პარტნიორ ქვეყნებს რუსეთთან საუბრისას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან და რუსეთ -საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით საკითხის დაყენებას სთხოვს. ლატვიის პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის უფრო მაღალ, პოლიტიკურ დონეზე აყვანის საკითხს.

გარდა ამისა, მხარეებმა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაზეც ისაუბრეს და ამ მიმართულებით ხაზი გაესვა ლატვიის მნიშვნელოვან მხარდაჭერას, გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით კი, მისი დახმარების საჭიროებას.

სალომე ზურაბიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა ლატვიაში ქართველი საჯარო მოხელეების გადამზადების პროგრამის, როგორც ლატვიის მხრიდან ქმედითი დახმარების მნიშვნელობა, რადგან ლატვიამაც სწორედ ის გზა გაიარა, რასაც საქართველო ახლა გადის. შეხვედრისას ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაზე საუბრისას აღინიშნა, რომ სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის თვალსაზრისით ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი- ეკონომიკის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით.

ლატვია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში კონტიგენტს გაზრდის