გიორგი ქობულია „ტოტალურ აბსურდს“ უწოდებს ინფორმაციას, თითქოს მინისტრად „მაკინზის“ მიერ ჩატარებული კვლევის გამო დანიშნეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია „ტოტალურ აბსურდს“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თითქოს მისი თანამდებობაზე დანიშვნა „მაკინზის“ მიერ ჩატარებული კვლევის გამო მოხდა.

როგორც ქობულიამ პარლამენტში, ღია ფორმატში შეხვედრისას განაცხადა, ნაშრომის გამო თანამდებობაზე მისი დანიშვნა არ მომხდარა.

„ბევრჯერ მსმენია და მედიაში საკმაოდ ხშირად ჟღერს, რომ ჩემი მოსვლის ერთ-ერთი ისტორია არის ისეთი, თითქოს იყო „მაკინზის“ მიერ გაკეთებული ნაშრომი, რომელიც მერე არ აღმოჩნდა ჩემი გაკეთებული, არამედ ვიღაც სხვის გაკეთებული იყო. მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ეს არის ტოტალური აბსურდი. ამის მაგვარი არაფერი ყოფილა. ასეთი ტიპის ისტორიებში რომ ჩავეძიოთ, ამ ისტორიაში რამდენიმე ტოტალური უაზრობაა. ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ ნაშრომით ვინმეს სამსახურში აყვანა ხდება, მერე უი, არა შეგვეშალა, ისე არ ყოფილა და მოდით გავათავისუფლოთ? ეს ისტორია თავიდან ბოლომდე ფანტაზიაზეა აგებული. ნაშრომიც არ ყოფილა. ნიკა გილაურს ძალიან კარგად ვიცნობ და მისგანაც შეგიძლიათ მიიღოთ კომენტარი, რომ ეს არის ჩემთან აბსოლუტურად დაუკავშირებელი სისულელე. მიჭირს კიდევაც ავხსნა, ეს იმდენად აბსურდია“, - განაცხადა ქობულიამ.

რატომ შეაჩერა მმართველმა გუნდმა ქობულიაზე არჩევანი, ამასთან დაკავშირებით ეკონომიკის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ მმართველ გუნდს სჭირდებოდა ძლიერი ტექნოკრატი.

„რატომ მომიყვანეს, მე გეტყვით პირდაპირ - იყო ასეთი აზრი, რომ მმართველ გუნდს, შესაძლებელია პრემიერს, მმართველი პარტიის ხელმძღვანელს ჰქონდა აზრი, რომ ჩვენ ახლა სიტუაცია რომ გავასწოროთ, გვჭირდება ძლიერი ტექნოკრატები. ვინ არის ძლიერი ტექნოკრატი? საქართველოში ასეთი არავინ გვყავს. მოდით, მოვიძიოთ ძლიერი ტექნოკრატები საქართველოს ფარგლებს გარეთ. მე ვიყავი ერთ-ერთი ძალიან ძლიერი და სერიოზული კომპანიის უფროსი პარტნიორი. არავის არ გაუწევია ჩემთვის რეკომენდაცია. რა თქმა უნდა, ვიღაცებს ჰკითხეს, ვინ არის ეს კაცი. გაუგიათ საქართველოში ჩემი გვარი, ამ მთავრობისთვის, წინა მთავრობისთვის საქართველოში პროექტებიც მქონდა გაკეთებული, როგორც „მაკინზს“, ამიტომ იცოდნენ, რომ არის ასეთი პიროვნება. მომიწვიეს და გვქონდა შეხვედრები ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მერე ერთი თვე ვისაუბრეთ, რა პრინციპებზე ავაგებდით მუშაობას. სერიოზული საუბრები იყო პრემიერ-მინისტრთან და პარტიის ხელმძღვანელთანაც. კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ვიხილავდით, აქ იყო საუბრები იმაზე, რომ ვებრძვით ნეპოტიზმს, არავის დავნიშნავთ ვინც არ იქნება ღირსეული, არ მოვაწერთ ისეთ ხელშეკრულებებს ხელს, რომელიც კერძო ბიზნესმენების ინტერესებშია. ეს პირობები ნალაპარაკები იყო და იყო ჩვენი შეთანხმება“, - განაცხადა ქობულიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა